5 ბინა თბილისში, 5 ბიზნესკომპანიის წილი, 300 ათასი ლარი საჩუქრად მამისგან - "მამას გოგო" დეპუტატის დეკლარაცია
5 ბინა თბილისში, 5 ბიზნესკომპანიის წილი, 300 ათასი ლარი საჩუქრად მამისგან - "მამას გოგო"  დეპუტატის დეკლარაცია

A+ A-

17:28 05/02/2020

კორუფციის აღქმის ინდექსი საქართველოსთვის სამი პუნქტით გაუარესდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ფიქრობს, ქვეყანაში კორუფცია გაიზარდა.

რატომ თვლის ასე ხალხი, ამის გასარკვევად მაღალჩინოსანთა დეკლარაციებს გადავხედეთ და ერთ-ერთი „მსუყე“ დეკლარაცია აღმოვარჩინეთ.  

საერთოდ კი, თუ მაღალჩინოსანთა ქონებრივ დეკლარაციებს შეათვალიერებთ, გასაკვირი აღარ იქნება, რატომ რჩებათ გაჭირვებულ ადამიანებს შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყანაში ხალხისთვის არავინაა, განსაკუთრებით - ხელისუფლება, რომელიც კორუფციისა და ნეპოტიზმის მორევში „დაცურავს“.

5 ბინა, არასაცხოვრებელი ფართები, მიწის ნაკვეთები, ძვირადღირებული ავტომანქანები, წილები სხვადასხვა კომპანიებში - ეს “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატის, ნინო წილოსანის ქონების მცირე ჩამონათვალია.

რა დამსახურებით მოხვდა ნინო წილოსანი „ქართულ ოცნებაში“, „უყიდა “ თუ არა მას მდიდარმა მამამ მანდატი, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა, თავად დეპუტატის დეკლარაცია საკმაოდ მიმზიდველად და ყოვლისშემძლედ გამოიყურება.

რა ქონებას ფლობს “მამას გოგო“?

“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის 2020 წლის  31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ 2019 წელს მან მშობლისგან საჩუქრად 150 ათასი ლარი მიიღო.  ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეპუტატი წილოსანი  მშობლისგან საჩუქრად თანხას იღებს. 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნინო წილოსანს მშობელმა 50 ათასი ლარი აჩუქა, ხოლო 2018 წელს - 100 ათასი. ჯამურად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ნინო წილოსანს მშობელმა 300 ათასი ლარი აჩუქა.

ნინო წილოსანის მიერ შევსებული დეკლარაციით. მეუღლესთან ერთად იგი ფლობს 5 ბინას თბილისში, 4 არასცხოვრებელ ფართს და 2 მიწის ნაკვეთს.

წილოსანის ქონება დაახლოებით 2 მილიონ ლარად არის  შეფასებული.

უფრო დეტალურად კი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ფლობს: თბილისსში, მოსეშვილის ქუჩაზე 124.7 კვ.მ ფართობის ბინას, რომელიც 2016 წელს 31 ათას ლარად შეიძინა; თამარაშვილის ქუჩაზე -  224,7 კვ.მ ბინას, რომელიც 2009 წელს 250 ათას ლარად შეუძენია. ასევე მის საკუთრებაშია 60,91 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართი დედაქალაქში. ამ ფართის ღირებულება 60 ათასი ლარია და  მხოლოდ 33%-ია წილოსანის საკუთრებაში;

წილოსანის არასაცხოვრებელი ფართების ნუსხა ასე გრძელდება: 82,90 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართი თბილისში,  ღირებულება - 80 ათასი ლარი; დედაქალაქში მდებარე 15,07 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც 2009 წელს 10 ათას ლარად შეიძინა; 440 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში, რომელშიც 2009 წელს 40 ათასი ლარი გადაიხადა.

დეპუტატს 2018 წელს 50 ათას ლარად შეუძენია მსუბუქი ავტომანქანა Toyota 200.

რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში  „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე  -  8  ათას 287,65  ლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით, 10 ათასი ლარი ჰქონდა.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი 5 კომპანიის პარტნიორია. ეს კომპანიებია: შპს „მკურნალი 2002“; შპს „ენ-დუო-კონცეპტ“; შპს „რეტრო 77“;  S.R.O Almitrans (ჩეხეთი) და U.S TRADING (აშშ);

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ფართის იჯარით გაცემის შედეგად დეპუტატის შემოსავალმა 1 226,48, დოლარი შეადგინა; ფართის იჯარით აღებაზე შემოსავლის სახით გასულ წელს 40 ათას  410,02 ლარი;  ხოლო იპოთეკური სესხის შედეგად მისმა გასავალმა მთელი წლის განმავლობაში 26 ათას 703,53  დოლარი შეადგინა.

მეორე ფართის იჯარით გაცემის შედეგად კი მისმა შემოსავალმა  2 ათასი დოლარი შეადგინა.   ფართების გაქირავებით მთელი წლის განმავლობაში დეპუტატმა სულ  67 ათას 761,6 ლარი მიიღო.

2019 წლის განმავლობაში  დეპუტატმა  წილოსანმა, ხელფასის სახით, 57 ათას 792 ლარი აიღო.

ნინო წილოსანს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

წილოსანის მეუღლის შემოსავალი

დეკლარაციის მიხედვით, მეუღლე ვლადიმერ აბულაძე ფლობს 1 242 აქციას; არის 4 კომპანიის პარტნიორი; მის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა ბმვ X 5  რომელიც 2013 წელს 30 ათას დოლარად შეუძენია.

ასევე მის მფლობელობაშია 3 ბინა, ორი საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი რომელთას საერთო ღირებულებაც 640 ათასი ლარია.

ასევე წილოსანის მეუღლე არის შპს „ვაგონმშენებელი კომპანიისა და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამ პოზიციაზე მან ხელფასის სახით  2019 წელს 44 ათას 612 ლარი მიიღო. იგიო ასევე არის სს „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ ფინანსური დირექტორი, საიდანაც ხელფასის სახით 13 ათას 752,65 ლარი მიიღო.

ვლადიმერ აბულაძე ფლობს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის 1 242 ცალ ფასიან ქაღალდს. 1 ცალის ნომინალური ღირებულება 1 ლარი და 46 თეთრია.

ნინო წილოსანს შვილების განათლებაში 2019 წელს 56 075 ლარი გადაუხდია, ხოლო საკუთარი განათლების მიღებაში 1 690 ლარი.

ცოლი, მამა,  ქმარი და პროკურატურა

აღსანიშნავია, რომ მისი მეუღლე ვლადიმერ აბულაძე და მამა ბადრი წილოსანი ერთ-ერთი კომპანიის მფლობელები არიან. მათ წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო გამოძიება.

უფრო კონკრეტულად კი, ნინო წილოსანის მამის კომპანიას პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.

2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს (ერთ-ერთი დირექტორი წილოსანის მეუღლე ვლადიმერ აბულაძეა).

სასამართლომ 2013 წელს არ დააკმყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების თაობაზე და დაკავებულები, ბრალდებულის სახით, გირაოთი გათავისუფლდნენ (მათ შორის, წილოსანის მამა და მეუღლე).

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზასა და ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის, ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 ათასი აშშ დოლარი დააფიქსირა მაშინ, როცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო.

დეპუტატი წილოსანის ბიოგრაფიული ცნობები

ნინო წილოსანი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატია, პარტია „ქართული ოცნებიდან“. დაიბადა 1982 წლის 19 თებერვალს; 1998-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2007 წელს გაიარა აუდიტის სასწავლო კურსი.  2015 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა პოლიტიკის საწყისები;

ის 2003-2007 წლებში მუშაობდა ს/ს ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში საფინანსო ეკონომიკური განყოფილების უფროსად; 2008-2011 წლებში იყო „ვაგონმშენებელი კომპანიის“ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი; 2011 წლიდან დღემდე შპს „ვაგონშემკეთებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; 2014 წელს დააფუძნა „ფონდი წილოსანი“ და დღემდე მისი პრეზიდენტია; არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; სწავლობს სტენფორდის დისტანციურ კურსებზე  (გადაწყვეტილების მიღებისა და რისკების მენეჯმენტი).

მარიამ მაჭარაშვილი