სასამართლოს „ბოსი“ და წულუკიანის უვადო მოსამართლე ჩინჩალაძე სააკაშვილის ღირსების ორდენის მფლობელი, ადეიშვილის კლანის წევრი და კუბლაშვილის დაჯგუფების წევრია
სასამართლოს  „ბოსი“ და წულუკიანის უვადო მოსამართლე ჩინჩალაძე სააკაშვილის ღირსების ორდენის მფლობელი, ადეიშვილის კლანის წევრი და კუბლაშვილის დაჯგუფების წევრია

A+ A-

92

00:26 13/10/2018

“2020NEWS” იწყებს ე.წ. „სასამართლოს ბოსების“ ქონებრივი დეკლარაციების და სასამართლოს სისტემაში მიღწეული „წარმატებების“ მკითხველისთვის გაცნობას.

მაშ ასე, მიხეილ ჩინჩალაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს მიერ უვადოდ გამწესებული მოსამართლე – მიხეილ სააკაშვილის მიერ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (?!) სასამართლოს სისტემის ერთ-ერთმა ბოსმა კარიერა გაიკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ „ოქროს ხანაში“. მის ბიოგრაფიაშია მაღალ თანამდებობაზე ყოფნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორობის დროს და უზენაესი სასამართლოს მაღალჩინოსნობა კოტე კუბლაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს!!!

მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, საქართველოს სასამართლო სისტემის ერთ-ერთი ბოსი და თეა წულუკიანის უვადო მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძე ბაბუის მიერ ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს.

მიხეილ ჩინჩალძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 ივნისს შეავსო, სადაც წერია: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე დაიბადა თბილისში 1978 წლის 9 მარტს, რუსუდან სამხარაძისა და თამაზ სამხარაძის ოჯახში. ამჯერადაც იგი ოჯახთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე მარიკა მარიკაშვილი და 3 შვილი.

დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ჩინჩალაძის სახელზე რეგისტრირებულია ბახტრიონის ქ.#16-ში მდებარე 145 კვ.მ. ბინა, რომელიც ჩინჩალაძეს ბაბუისგან მიუღია საჩუქრად 1997 წელს.

დედის, რუსუდან სამხარაძის საკუთრებაშია მემკვირდეობით მიღებული მიწის ნაკვეთი თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში – 624 კვ.მ. ასევე რუსუდან ჩინჩალაძეა 2006 წელს, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში 43 365 ლარად შეძენილი 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, სადაც, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ახლა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

სხვა უძრავი ქონება მიხეილ ჩინჩალაძის საკუთრებაში, მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, არ ფიქსირდება.

მამის, თამაზ ჩინჩალაძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Hyundai ix35, რომელიც 2015 წელს 12 500 აშშ დოლარად შეუძენია.

ჩინჩალაძის დეკლარაციაში არაფერი წერია ფასიანი ქაღალდების, მისი და მისი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის ან წილების ფლობის შესახებ. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მას და მის მეუღლეს 9000 და 5000 ლარი დანაზოგი დაუგროვებიათ.

მიხეილ ჩინჩალაძის დედა, რუსუდან ჩინჩალაძე სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორად მუშაობს და მას გასულ წელს ანაზღაურების სახით 31 450 ლარი მიუღია. მამა – თამაზ ჩინჩალაძე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ექსპერტ-კონსულტანტია და გასულ წელს მისი შემოსავალი 19 500 ლარი ყოფილა. მეუღლე – მარიკა მარიკაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი ანალიტიკოსია და მისი გასული წლის შემოსავალი 27 520 ლარია. თავად ჩინჩალაძეს გასულ წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე ანაზღაურების სახით 49 691 ლარი აუღია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გასული წლის სარგო 59 620 ლარია.

2009 წელს ჩინჩალაძეების ოჯახს ბანკ რესპუბლიკიდან 100 000 დოლარის ღირებულების სესხი აუღია, რაც 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. შესაბამისად, გასულ წელს, სესხის უზრუნველყოფისთვის 11 242 დოლარი გადაუხდიათ. საგურამოს მშენებარე სახლის სამშენებო სამუშაოებისათვის კი 59 000 ლარი დაუხარჯავთ.
ჩინჩალაძის დეკლარაციაში მოხვდა შვილის, თამაზ ჩინჩალაძის სწავლის ხარჯები – 20 592 ლარი და მშობლების მკურნალობის ხარჯები, რომელმაც ორივე მშობლის შემთხვევაში 24 000 ლარი შეადგინა.

მიხეილ ჩინჩალაძე არ ფლობს ძვირადღირებულ ნივთებს და ასევე, არ მიუღია ძვირადღირებული საჩუქრები (???)
რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძის ბიოგრაფიას. 2017 წლის 29 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იგი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე აირჩია. მანამდე კი, ასევე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.

ჩინჩალაძე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2007 წლის 31 ივლისის #7 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2007 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი.

1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე.

2000-2003 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი.

1995-2000 წლებში დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის უფასო დასწრებული განყოფილება, იურისტის კვალიფიკაციით-სპეციალობა სამართალმცოდნეობა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე 2005 წლის მაისში – საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.