რა ქონებას ფლობს "მეორედ მოსვლამდე" ექსგენპროკურორი შოთაძე?
რა ქონებას ფლობს "მეორედ მოსვლამდე" ექსგენპროკურორი შოთაძე?

A+ A-

14:11 11/02/2020

საჩუქრად მიღებული მიწის ნაკვეთი, ძვირადღირებული ფერწერული ტილო, სოლიდური საბანკო ანგარიში, დანაზოგი, - ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციითაა დატვირთული ყოფილი მთავარი პროკურორის და ამავე თანამდებობაზე მოსაბრუნებლად გამზადებული ირაკლი შოთაძის ქონებრივი დეკლარაცია.

“2020NEWS”- აგრძელებს “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტების ქონებრივ დეკლარაციების გამომზიურების პროცესს. ამჯერად ანკესს, როგორც უკვე მიხვდით, ირაკლი  შოთაძე მოჰყვა. მას ბოლო დეკლარაცია 2019 წლის 12 თებერვალს აქვს შევსებული. მაშ ასე, დავიწყოთ და ვნახოთ, რა ქონებით დატოვა გენპროკურორის პოსტი ივანიშვილის „ფავორიტმა“.

როგორც თანამდებობიდან „საკუთარი ნებით წასული“, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ბოლო დეკლარაციიდან ირკვევა,  მას 2019 წელს დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში 1 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი აჩუქეს. მიწის ნაკვეთი პირადად შოთაძის სახელზეა რეგისტრირებული.

თუმცა, რაღა თქმა უნდა, უცნობია, ვისგან მიიღო ყოფილმა მთავარ პროკურორმა ამგვარი „ძღვენი“. 

შოთაძის საჩუქრების სია ამით არ ამოწურულა.  უკვე შოთაძეების ოჯახის საკუთრებაშია  4 000 ლარიანი ფერწერული ტილო, რომელიც შოთაძის მეუღლემ, ნინო გოტიაშვილმა ნათესავისგან მიიღო საჩუქრად.

შოთაძის ოჯახის საკუთრებაშია ასევე 2016 წელს ცაგარელის ქუჩა N82-ში ნაყიდი 150,5 კვ. საცხოვრებელი ბინა. ეს ბინა 100 ათას დოლარადაა შეფასებული, რაც ეროვნულ ვალუტაში 286 ათას 290 ლარს შეადგენს.

ყოფილი მთავარი პროკურორის მთავარი ქონებრივი დოკუმენტის მიხედვით,  ასევე ცნობილი ხდება, რომ შოთაძეების საკუთრებაშია 2011 წელს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ალგეთში შეძენილი 87 კვ.მ  საცხოვრებელი სახლი. მისი  ღირებულება 10 ათას ლარს შეადგენს. სახლთან ერთად შოთაძეების საკუთრებაშია 1 ათას 092 კვ.მ ფართი მიწის ნაკვეთიც.

რაც შეეხება შოთაძის ფინანსურ ანგარიშებს, როგორც აღმოჩნდა, დეკლარაციის შევსების დროს,  მომავალ გენპროკურორს ,,თიბისი ბანკში“ მიმდინარე და საკრედიტო ანგარიშებზე ჯამში 11 ათას 750 ლარი უფიქსირდებოდა, ხოლო მისი მეუღლის, ნინო გოტიაშვილის „ვითიბი ბანკის“ ანგარიშზე  თანხა საერთოდ არ აღმოჩნდა.

გარდა მიმდინარე და საკრედიტო ანგარიშებისა, შოთაძეს, დანაზოგის სახით,  14 ათასი ლარი აღმოაჩნდა.

ქონებრივი დეკლარაციიის მიხედვით,  2018 წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 31 მაისის ჩათვლით, შოთაძემ მთავარი პროკურორის რანგში სახელფასო ანაზღაურებად 38 ათას 400 ლარი აიღო.

პროკურორობიდან პროფესორად პორტირებულმა შოთაძემ, როგორც  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა, 2018 წლის 15 ნოემბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ანაზღაურების სახით, მხოლოდ 1 800 ლარი აიღო.

რაც შეეხება სეხსებსა და საბანკო ვალდებულებებს, დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლის 17 ნოემბრიდან შოთაძის სახელზე დაფიქსირდა სესხი (იპოთეკური კრედიტი), რომლის რაოდენობა 58 ათას ლარს შეადგენს.

კრედიტის დაფარვის ბოლო ვადად 2020 წლის 27 ნოემბერია მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სესხი, გასავლის სახით, შოთაძეს 23 ათას 176 ლარი და 53 თეთრი დაუჯდა.

აი, ამ შემოსავლებით ხვდება გენპროკურორის თანამდებობაზე „მეორედ მოსვლას“ ირაკლი შოთაძე.