“ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება 900 ათას დოლარად გააფორმა
“ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება 900 ათას დოლარად გააფორმა

A+ A-

11:30 12/02/2020

“ქართულმა ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogal Lovells-სთან 2020 წლის 30 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულს წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები, სადაც მიუთითებდნენ საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, ასევე, პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდებასა და აქციების ძალადობრივ დაშლაზე.

დოკუმენტს “ქართული ოცნების” მხრიდან მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. ხელშეკრულება 1 წლის ვადით, 2021 წლის 31 დეკემბრამდეა გაფორმებული. ბიძინა ივანიშვილის პარტია ამერიკულ ლობისტურ კომპანიას თვეში 75 ათას აშშ დოლარს გადაუხდის, შესაბამისად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 900 ათასი აშშ დოლარია (თითქმის 2.6 მილიონი ლარი).როგორც FARA.GOV-ზე ატვირთულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, ამერიკული ლობისტური კომპანია “ქართულ ოცნებას” დაეხმარება აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე რჩევების მიცემისა და წარმომადგენლობის კუთხით. ასევე, გაუწევს ადვოკატირებას აშშ-ს ხელისუფლებასთ ურთიერობაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს “ქართული ოცნებისა” და საქართველოს ხელისუფლების ინტერესებზე.

“კომპანია ითანამშრომლებს და მითითებებს მიიღებს არჩეული თანამდებობის პირებიდან, თუმცა იმოქმედებს თავად პარტია “ქართული ოცნების” პირდაპირი მითითებით და კონტროლით”, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

დოკუმენტის მიხედვით, Hogal Lovells-ს ამ დრომდე არ გაუწევია ლობისტური მომსახურება “ქართული ოცნებისთვის”, თუმცა FARA.GOV-ის მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2017 წელს ლობირებას უწევდა “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, ასევე 2003 წელს “საქართველოს რკინიგზას”.

"ნეტგაზეთი"