ამჟამად კვირიკაშვილთან და ალასანიასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ - ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან
ამჟამად კვირიკაშვილთან  და ალასანიასთან მოლაპარაკებებს  არ ვაწარმოებ - ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან

A+ A-

13:53 12/02/2020

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა,  გიორგი მარგველაშვილმა “2020NEWS”-თან  ინტერვიუში  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ გამორიცხა.

ამასთან, როგორც მარგველაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, ის გაერთიანებულ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს და  მის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებასაც აფასებს და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსული ვექტორისკენ მიჰყავს, რასაც დასავლეთი მმართველ პარტიას არ აპატიებს.

გიორგი მარგველაშვილი: დავიწყებ კონსულტაციებს ოპოზიციურ ძალებთან იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება, გაძლიერდეს ის ტენდენცია, რომელიც საქართველოში დასავლური კურსის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ერთობა გაძლიერდეს და ამ ოპოზიციურ ერთობასთან მიმართებით ჩემი გეგმები ჩამოვაყალიბო. საქართველოში დღეს დემოკრატიული პროცესი რომ  განვითარდება, ამის გარანტი მხოლოდ ოპოზიციური გაერთიანებაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გაერთიანებული ოპოზიცია გაძლიერდეს და ქვეყანაში მათი სტაბილური არსებობა შენარჩუნებული იყოს.

- ბატონო გიორგი, პოლიტიკაში  აქტიურად ჩართვის პარალელურად, მიიღებთ მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

- ჩემი ინტერესი არის ის, რომ საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩვენები. მივიღებ თუ არა საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობას, ეს უკვე ის დეტალებია, რომლებსაც მოგვინებით გავარკვევ. ჩემი მთავარი ინტერესი არის ის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იქნას დასავლური და დემოკრატიული კურსი, რომელსაც ჩემი აზრით, ახლა ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება.

- ჩვენი ინფორმაციით, თქვენ უახლოეს მომავალში პარტია “ლელო საქართველოსთან“ ალიანსში გიხილავთ. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- რომელიმე პარტიაში გაერთიანების თაობაზე ინფორმაციას არ ვადასტურებ.

-“2020NEWS”-ის ინფორმაციით, პოლიტიკაში დასაბრუნებალდ ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ემზადებიან. ხომ არ აწარმოებთ მათთან რაიმე სახის  პოლიტიკურ კონსულტაციებს?

- ამჟამად მათთან კონსულტაციებს არ ვაწარმოებ.

- “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელთა ნაწილმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რასაც “ქართული ოცნება“ არ იზიარებს. როგორ მომავალს უქადის საქართველოს კონგრესმენების პოზიციების უგულვებელყოფა და დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა?

- იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება გადაწვეტს, რომ საქართველოს დასავლური კურსი და დემოკრატია ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა და ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს ასე წყნარად დავაკვირდებით, საქართველოში დასავლური ინტერესები და დასავლური განვითარების ვექტორი შესუსტდება. ასეთი ფონზე, კი ამ გამოცარიელებულ სივრცეს რუსული ვექტორი დაიკავებს. 

- როგორ ფიქრობთ, “ქართული ოცნება“ რუსული ვექტორისკენ გამიზნულად  იხრება, თუ ანტიდასავლურ სვლებს გაუცნობიერებლად აკეთებს?

- ამის თაობაზე პასუხს ვერ გაგცემთ, უბრალოდ, როდესაც შენ დასავლელ პარტნიორს ეუბნები, რომ მისი პოზიცია  საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში საინტერსო არ არის, ავტომატურად მიუთითებ კარებისკენ და ეუბნები, რომ მას არ აქვს უფლება, საქართველოსთან დაკავშირებით, პოზიცია ჰქონდეს. ეს პროცესი კი, ბუნებრივია, ქვეყანაში რუსული ინტერესების გაძლიერებას იწვევს.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილებში კონგრემენები და ევროპარლამენტარები მწვავე კრიტიკასთან ერთად, “ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესებაზეც საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, აშშ  “ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს?

- გააჩნია, საქართველოში როგორი დინამიკა განვითრდება. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიაზე ხაზის გადასმასა და ხელისუფლების მიტაცებას დასავლეთი წყნარად, ტოლერანტულად და დადებით არ მოეკიდება.

ამერიკა  ბიძინა ივანიშვილს დაუწესებენ სანქციებს თუ არა, ჩემთვის ძნელი სათქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დასავლეთი საქართველოში განვითრებულ პროცესებსა და ქვეყნის გადაბარებას დადებითად ნამდვილად არ შეაფასებს.

ჩვენ ამერიკის მხრიდან გვქონდა ძალიან მძიმე კრიტიკა სწორედ პოლიტიკურ დაპატიმრებებთან დაკავშირებით. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონში არწმუნებდა ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს, ზუსტად ამ მომენტში დააკავეს  გიგი უგულავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს სახეში სილა გააწნა.

- გიგი უგულავას დაპატიმრების პარალელურად, გამოძიება ოპოზიციის ლიდერების გიგა ბოკერიას, ხაზარაძე-ჯაფარიძისა და ნიკა მელიას საქმეებზე მიმდინარეობს. ელოდებით, რომ უახლოეს მომავალში ამ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დააკავებენ?

- ძალიან ძნელია, იცოდე, “ქართული ოცნება“ რას გააკეთებს.  საქართველოში იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უნდათ, რომ პოლიტიკაში იყვნენ, ხელოვნურად აღძრული სისხლის სამართლებირვი დევნა მიმდინარეობს. ამის პარალელურად უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანში პოლიტპატიმრები უკვე არიან, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა,  გიგი უგულავა და ის ადამიანები, რომლებიც “ქართული ოცნების“ ნებით დააპატიმრეს.

- დემოკრატიულად  ჩატარებული არჩევნების პირობებში, “ქართულ ოცნებას“ აქვს გამარჯვების მაღალი შანსი?

- “ქართული ოცნება“ ასეთი ნაბიჯებით რომ არ მიდიოდეს, ვისურვებდი, რომ საქართველოში ერთ-ერთ პარტიად დარჩენილიყო. ამ ძალას ამომრჩეველი ჰყავს და საკუთარი დღის წესრიგიც აქვს. თუმცა ასეთი რადიკალიზაციის პროცესში, “ქართული ოცნების“ მომავალს უფრო “მოქალაქეთა კავშირის“  ბედს ვუკავშირებ,  ვიდრე  - “ნაციონალური მოძრაობისას“.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“  ხელისუფლების გადაბარება შეძლო, „მოქალაქეთა კავშირმა“ კი არა. თუკი ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, “ქართულ ოცნებას“ პოლიტიკაში დარჩენის შანსი ექნება, სხვა შემთხვევაში, “მოქალაქეთა კავშირის“ ბედს გაიზიარებს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე