გაჩერება 1 - ორბელიანის მოედანი
გაჩერება 1 - ორბელიანის მოედანი

A+ A-

16:15 12/02/2020

სარდალ რევაზ ორბელიანს  1751 წელს მეფე თეიმურაზ II-მ უწყალობა  გარეთუბანში მდებარე „მეიდნის სასახლის“ ადგილი. ასე გაჩნდა გარეთ უბანში ახალი უბანი- ორბელიანთუბანი. ერთი მხრიდან მას ბარათაშვილის ქუჩა  („ციხის ბულვარი“, 1843წ  მუხრანის ქუჩა) ემიჯნება, საიდანაც  სამი გზით  ხვდებით  ორბელიანების უბანში -  ვეკუას, ნიკო სულხანიშვილისა და ათონელის  ქუჩებით.  სულხანიშვილის (მცირე ვანქის) და ათონელის ქუჩებს ნახევრად წრიულად  ეკვრის გოქჩის (სევანის ტბის თურქული სახელწოდება - ლურჯი წყალი) ქუჩა.

ლურჯი წყლის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ პატარა ქუჩაზე  მე-19 საუკუნეში აშენებულ სახლებს  ნამდვილად ნახავთ.    გიორგი ლეონიძის  ბაღიდან  კი აქ ათონელის, მისი პარალელური ვახტანგ ორბელიანის  და   პატარა, აწ უკვე საფეხმავლო, ფხოვის ქუჩა შემოდის. სწორედ ვახტან ორბელიანის ქუჩიდან  ტელეგრაფის ჩიხით, ორბელიანის ჩიხით და რენა აბჟანდაძის (ჩოგბურთელის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი) ქუჩით არის შესაძლებელი  ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე მოხვედრა.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და ათონელის ქუჩას კი პატარა, მტკვრის ქუჩა აკავშირებს ერთმანეთთან. ვახტანგ ორბელიანის (პოეტი - რომანტიკოსი, 1832 წ. შეთქმულების მონაწილე) ქუჩაზე უცნაური რამ შევნიშნე -  ზოგიერთ აბრაზე ვ. ორბელიანია, ზოგიერთზე - კი გ. ორბელიანი. ქუჩა ნამდვილად ვახტანგ ორბელიანის სახელობისაა,  მოედანი კი გრიგოლ ორბელიანის.

 გრიგოლ ორბელიანის  სახელობის მოედანი  მოქცეულია რეზო თაბუკაშვილის, ათონელის, ვეკუასა და ანტონ ფურცელაძის ქუჩებს შორის.  მოედანი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში წარმოიქმნა და მას 1828 წლიდან  ფოსტის მოედანი ერქვა. 1876 წლიდან 1903 წლამდე სალდათის ბაზარი,  მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე  კი რუსის ბაზარი. რუსის ბაზრის  ცოტა ქვემოთ საკოლმეურნეო ბაზრის (ამჟამად“კარფური“} გახსნამ  მოედანსაც შეუცვალა სახელი და 1992 წლამდე კოლმეურნეობის მოედანი ეწოდებოდა.

სალდათის ბაზარზე კვირაობით იმართებოდა დიდი ბაზრობა, სადაც ჯარისკაცებს ფარაჯები, ჩექმები და სხვა  ნივთები გამოჰქონდათ გასაყიდად. გადმოცემის თანახმად,  პირველი ნაძვის ხე თბილისში სწორედ სალდათის ბაზარზე გაიყიდა. დღეს გრიგოლ ორბელიანის მოედანი ერთერთი ყველაზე ლამაზი მოედანია მხიარული შადრევნით და ყვავილების ბაზრობით.

 ორბელიანთ უბნის ყველაზე  გრძელი და ამავე დროს ყველაზე ძველი ქუჩა გრიგოლ ათონელის სახელობისაა. ჯერ კიდევ 1480 აუშენებიათ საქართველოში შემოსულ სომხებს ყოვლადწმდა ღვთისმშობლის სახელობის  მამათა მონასტერი.  შემდეგ, მე-19 საუკუნის მიჯნაზე განუახლებია ამავე ეკლესიის დეკანოზს. მეოცე საუკუნის დასაწყისში  მონასტრის განახლებას კი, ეკლესიის ძველი წარწერები და გალავანში  განლაგებული საფლავის ქვები და მათი წარწერები შეწირვია.

ვანქის სამონასტრო კომპლექსიდან  მხოლოდ სამიარუსიანი სამრეკლოა გადარჩენილი.  მე-19 საუკუნის  60-იან წლებში  ქუჩის ერთი  მონაკვეთის, ვანქის დასახელება სწორედ ამ სამონასტრო კომპლექსს უკავშირდება. დანარჩენ ორ მონაკვეთს კი ორბელიანის და მადათოვის სახელები ეწოდა. 1922 წლიდან მადათოვის ქუჩა ვოლოდარსკიმ (რუსი რევოლუციონერი - გოლშტეინი მოსე), დიდი ვანქის კი პრესის ქუჩამ  ჩაანაცვლა. 1965 წლიდან ეს მრავალ საუკუნოვანი ქუჩა გიორგი ათონელის (გიორგი მთაწმინდელი 1009-1065; ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი) სახელს ატარებს.