როგორი იყო განათლების რეფორმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს
როგორი იყო განათლების  რეფორმა  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს

A+ A-

16:34 12/02/2020

100 წელი  გასულა, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან, სულ რაღაც 100 წელი და ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმ სამი წლის შესახებ. არადა,  გარდა  ბრძოლისა და თავდაცვისა,  სამშვიდობო  რეფორმებიც ტარდებოდა თურმე. ერთერთი ასეთი რეფორმა განათლების სისტემაში განხორციელდა და ამაზე  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, ეთნოლოგი მირიან ხოსიტაშვილი  გვესაუბრა:

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ფორმირება დემოკრატიულ პრინციპებზე იყო დაყრდნობილი, რომლის  მთავარი მასაზრდოებელი ძალა, წყარო იყო ქვეყნის  მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა რესპუბლიკამ ამ სამი წლის მანძილზე გადაიტანა რამდენიმე მძიმე ბრძოლა, იყო ეკონომიკური პრობლემები, საგარეო ფაქტორი, საშინაო მდგომარეობა, პოლიტიკურ პარტიათა შორის დაპირისპირება, მიუხედავად ყველაფრისა მთავარ ამოცანად, მნიშვნელოვან გადასაწყვეტ საკითხად დაისახა განათლების რეფორმა და სწორედ განათლებაზე აკეთებდა ყველაზე მნიშვნელოვან აქცენტს.

პირველი რესპუბლიკის დროს დაარსდა სახალხო განათლების სამინისტრო, რომლის პირველი მინისტრიც იყო გიორგი ლასხიშვილი, ერთობ  აქტიური ადამიანი; საარქივო დოკუმენტების გაცნობისთანავე  თვალსაჩინო ხდება, რომ ეს ადამიანი აქტიურად და რუდუნებით ცდილობდა,  განათლების რეფორმის ძალიან სწრაფად განხორციელებას. პირველი და მთავარი  იყო სკოლების ნაციონალიზაცია, ვგულისხმობ ქართული ენის აქტიურად შემოტანას სკოლებში, რომ საქართველოს მოქალაქეებს განათლება მიეღოთ ქართულ ენაზე. ამ მიმართულებით ბევრი საინტერესეო და მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა.

დაახლოებით 1920 წლისათვის, საქართველოში უკვე 1600 სკოლაა 165 000 მოსწავლით. მიუხედავად  იმისა, რომ აქცენტი ქართულ ენაზე იყო გაკეთებული, ეს არ უშლიდა ხელს ეთნიკურ უმცირესობებს, საკუთარ ენებზე ესწავლათ და მიეღოთ განათლება. თბილისში დაარსდა სომხური სკოლები, ამავე  დროს არსებობდა გერმანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლები, ასევე ებრაელთა სასწავლებელი. თბილისზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ იმ პერიოდშიც, მანამდეც და შემდგომაც, თბილისი იყო არა მარტო საქართველოს დედაქალაქი, იგი სამხრეთ კავკასიის როგორც პოლიტიკური, კულტურული, ასევე საგანმანათლებლო ცენტრიც გახლდათ.

 გარდა დაწყებითი სასწავლებლებისა საქართველოში იხსნება უმაღლესი სასწავლებლები და პირველ რიგში უნდა ვახსენო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა  1918 წლის იანვარში. ასრულდა  ქართული საზოგადოების დიდი ხნის ოცნება; პირველ რიგში ილია ჭავჭავაძით დავიწყებ, რომლის  ძალიან დიდი სურვილი იყო, საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის გახსნა; მეფის რუსეთი და ცარიზმი ყოველმხრივ უშლიდა  ამას ხელს, 1918 წელს დაგვირგვინდა ეს სურვილი, გაიხსნა უნივერსიტეტი და განთავსდა უნივერსიტეტის ამჟამინდელ  პირველ კორპუსში, რომლის შენობაც 1906 წელს იყო აგებული. უნივერსიტეტში დაფუძნდა ფაკულტეტები, მოიწვიეს ბევრი ქართველი წარმატებული მეცნიერი, მათ შორის ევროპაში მოღვაწეებიც და საქართველოში დაიწყო საუნივერსიტეტო ცხოვრება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, 1918 წელს დაარსდა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც  შემდგომ უნივერსიტეტს შეუერთდა გამომდინარე იქედან, რომ დამოუკიდებლად არსებობა ძალიან დიდ თანხებს მოითხოვდა; სწორედ ეს იყო ივანე ჯავახიშვილის მთავარი არგუმენტი.

ამიტომ გადაწყდა  პოლიტექნიკური ინსტიტუტის  შეერთება სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მით უმეტეს, რომ ბევრი საერთო ფაკულტეტი ჰქონდათ. ასევე, 1917 წელს არსდება მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც 1924 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიად გადაკეთდა. დაარსდა პედაგოგიური სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულები  შემდგომში პედაგოგებად მუშაობდნენ სხვადასხვა  უმაღლეს თუ დაწყებით სასწავლებლებში.

რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეკონომიკური პრობლემები ხელს უშლიდა და აფერხებდა ტემპს. ჩვენ  ვიცით, რომ 1920 წელს თბილისში მოეწყო პედაგოგთა დიდი კონფერენცია და ამ კონფერენციის ერთერთი მთავარი საკითხი იყო პედაგოგთა უსახსრობა. საგაზეთო პუბლიკაციებში ხშირად ვაწყდებით განათლების სამინისტროსადმი    პედაგოგთა  თხოვნებს დახმარების და ხელფასის მომატების შესახებ. ამასთანავე, განახლდა თბილისის ობსერვატორია, შეიქმნა ახალი განყოფილებები. თბილისის ობსერვატორია ემსახურებოდა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიას, არამედ  კავკასიასაც.

 აღსანიშნავია პროფესიული სასწავლებლებისადმი გამახვილებული ყურადღება. დაარსდა რკინიგზელთა სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულები  მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ და საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც მუშაობდნენ. დაარსდა გორში პროფესიული სასწავლებელი. ასევე, ხონში, ქუთაისში და ბათუმში.  ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ ახალი პროფესიები შემოსულიყო, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გააძლიერებდნენ ჩვენს ქვეყანას და არ გვქონოდა აუცილებლობა სხვა ქვეყნიდან პროფესიონალის მოწვევის, ანუ ქართველებს თავადვე დაებალანსებინათ სხვადასხვა  მიმართულება. ამავე დროს, საინტერესოა ის ფაქტი, რომ სკოლის  პროგრამიდან ამოიღეს  ბერძნული და ლათინური და შეიტანეს გერმანული, ფრანგული და ინგლისური ენების სწავლება.

ეს განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველო იყო ევროპაზე ორიენტირებული და აქცენტი გაკეთდა წამყვანი ევროპული ქვეყნების ენების შესწავლაზე და ამ მიმართულებით თანხებიც იხარჯებოდა. ბევრი დაწყებითი განათლების სასწავლებელი გაიხსნა.

ასევე უნდა აღინიშნოს,რომ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა სახალხო განათლების სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება, ერობები - იგივე თვითმმართველობები. გარდა სასკოლო ლიტერატურისა, რომელსაც უფასოდ აძლევდნენ ასევე საკვებით და სამოსითაც ეხმარებოდნენ. შეიქმნა სასკოლო რეფორმების კომისია  ცნობილი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით. ამ კომისიის ფუნქციებში შედიოდა არა მხოლოდ სასკოლო რეფორმების სწორად გატარება, არამედ სახელმძღვანელოების დამტკიცებაც . საგანმანათლებლო რეფორმაზე მორგებული სახელმძღვანელოების დამტკიცებამ სერიოზული შედეგები მოიტანა.

სამწუხაროდ,  პირველი რესპუბლიკის მიერ არჩეული  სწორი გზა  მალე დასრულდა 1921 წლის  ოკუპაციით, თუმცა ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე სასაქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი იქნა დამატებითი მუხლი, რომელიც  გულისხმობდა  დაწყებით კლასებში უფასო სწავლებას.  ეს  ცხადია  დიდ სახსრებს და დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, თუმცა ამისთვისაც მზად იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით  კვლევის გაგრძელება ნათელს მოჰფენს ბევრ საკითხს, თუნდაც იმას თუ რა იყო 100 წლის  წინ  პრიორიტეტული საგანმანათლებლო თვალსაზრისით.

მოამზადა  ნინო გედენიძემ