"კრისტალ ბილდინგმა" ქობულეთში სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა
"კრისტალ ბილდინგმა" ქობულეთში სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა

A+ A-

19:57 13/02/2020

„კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის სანაპიროზე ფიჭვნარი გაჩეხა. აქ კომპანია 71 523 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს და სამშენებლო სამუშაოებს ატარებს. როგორც ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან ბონდო თედორაძე ამბობს, ხეების გაჩეხვაზე ნებართვა არ შეიძლება ჰქონდეს კომპანიას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „კრისტალ ბილდინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, შესწავლის მიზნით, 2019 წლის თებერვალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო.

საგამოძიებო სამსახურს კითხვები ჰქონდა ქონების არასაბაზრო ფასად გაყიდვაზე. აჭარის ფინანსთა სამინისტროს სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გელა ცინცაძემ, გასულ წელს „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ ქონება მართლაც საბაზრო ფასთან შედარებით ნაკლებად გაყიდეს, თუმცა სამინისტროს ამის უფლება ჰქონდა.

„ეს არის რეკრეაციული ზონა და ვერავინ ვერ გასცემდა ხეების გაჩეხვაზე ნებართვას. მათ შესაძლოა ჰქონდეთ მშენებლობის ნებართვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხეები უნდა მოეჭრა ტერიტორიაზე. 31 ჰექტარზე მეტია და თითქმის გაჩეხილია“, – ამბობს ბონდო თედორაძე.

აქვს თუ არა კომპანიას ხეების გაჩეხვის ნებართვა, კომენტარისთვის ქობულეთის მერიას დავუკავშირდი. პრესსამსახურის განცხადებით, საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს და განმარტებას ამის შემდეგ გააკეთებენ.

ქობულეთში, სანაპირო ზოლში, მიწის გასხვისების კანონიერების შესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასულ წელს დაიწყო.

წყარო: ბათუმელები