"ქართულმა ოცნებამ" მგონი, ვერაფერი გაიგო - ევროპარლამენტარი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩავარდნაზე
"ქართულმა ოცნებამ" მგონი, ვერაფერი გაიგო - ევროპარლამენტარი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩავარდნაზე

A+ A-

19:58 13/02/2020

"ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.  ახლა "ქართულმა ოცნებამ" კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები", - განაცხადა ევროპარლამენტარმა  რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტის ჩავარდნის შემდეგ. ეს დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ არის საუბარი, მმართველმა პარტიამ მოამზადა.

"ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები და გვსურდა დაბალანსებული ტექსტი. უმრავლესობის წევრებმა თითქმის ყველა ცვლილება ჩააგდეს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.ახლა ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. ჩემი გზავნილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის არის სიტუაციაზე პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს", — განაცხადა იუკნევიჩიანემ.

ცნობისთვის, დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.