სოფელ ყარაჯალაში ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქმარი დააკავეს
სოფელ ყარაჯალაში ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქმარი დააკავეს

A+ A-

11:53 16/02/2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ტ.მ.  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, ყოფილ მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ხ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

„პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.