"რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, იფიქროს, რომ საქართველო შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას"
"რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, იფიქროს, რომ საქართველო შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას"

A+ A-

14:23 16/02/2020

„რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, იფიქროს, რომ გასაკეთებელი უკვე გააკეთა და რომ საქართველო შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას“, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანისა და კლაუდია როთის შეხვედრა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა რუსული ოკუპაციის ფონზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კლაუდია როთმა განაცხადა, რომ ევროპამ საქართველოს მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

„მე ვიტყოდი, რომ ეს ოჯახის წევრთან შეხვედრას ჰგავდა, რადგანაც შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ამ შესანიშნავ ქვეყანასა და ხალხზე.

ვფიქრობ, ჩვენ, გერმანელებმა, ევროპელებმა უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა იმ ცვლილებებისა და გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას.

რა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს თქვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, იფიქროს, რომ გასაკეთებელი უკვე გააკეთა და რომ საქართველო შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას.

ათასობით ადამიანი არის იძულებით გადაადგილებული. მე ვიყავი იქ. იმ ადგილს საზღვარს ვერ დავარქმევ, რადგანაც ის საქართველოს ფარგლებშია. მე ვესაუბრე ხალხს, რომელიც ტიროდა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რომლებსაც იტაცებენ.

ჩვენ, ევროპელებმა ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოში არსებულ ვითარებაზეც. მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ის მნიშვნელობა, რომელიც რეგიონში საქართველოს ენიჭება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან კონფლიქტი აქვთ.

ჩვენ ასევე განვიხილეთ თქვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხი, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ტურიზმმა უნდა ითამაშოს. ბევრი გერმანელი ჩამოდის საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა როთმა.

წყარო: იმედი