ბოლო წუთამდე ვიომებ აჭარის ტელევიზიის გადასარჩენად - გიგა მაქარაშვილი
ბოლო წუთამდე ვიომებ აჭარის ტელევიზიის გადასარჩენად - გიგა მაქარაშვილი

A+ A-

19:27 19/02/2020

მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი აჭარის ტელევიზიას სოლიდარობას უცხადებს და იხსენებს 7 ნოემბერს დარბეულ აქციას, რომელსაც როგორც ჟურნალისტი აშუქებდა. ამის შესახებ მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"იმ წყეულ 7 ნოემბერს რუსთაველზე ვმუშაობდი ჩემს ოპერატორთან ერთად (Levan Dgebuadze)

ზუსტად ქაშუეთის წინ ვიდექით შემაღლებულ ადგილზე. ძალიან ციოდა მახსოვს და მხოლოდ აუხსნელი ჟურნალისტური ჟინი და პასუხისმგებლობა გვაძლებინებდა.

ჩემს თვალწინ ატყდა ჯერ საშინელი წივილი, რომელსაც სპეციალური აპარატი გამოსცემდა პანიკის დასათესად. ხმაური იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ყურები ხელებით დავიხშეთ ყველამ, მაგრამ კინაღამ თავი გაგვისკდა. მერე წამოვიდა სპეცრაზმი, ფარებზე ხელკეტების რტყმით, ცრემლმდენი შაშხანებით და სახანძრო მანქანით, რომელიც არ ინდობდა არავის.
ზედ გადაუარეს ხალხს. უმოწყალოდ ურტყეს ყველას და ყველაფერს რასაც მიწვდნენ.

მე და ჩემი ოპერატორი ერთერთი ბოლოები ვიყავით ჟურნალისტთა მრავალრიცხოვანი გუნდიდან ვინც ადგილზე დარჩა. ხაზს ვუსვამ, ერთადერთი ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ეთერში მუშაობდა. ჩვენს მიერგადაღებულ მასალას უშვებდა ეთერში რუსთავი2-ც და იმედიც, ჩვენს მასალას გადასცემდა პირდაპირ ეთერში CNN, BBC, EURONEWS. 1000მდე მოქმედი თუ ყოფილი ჟურნალისტი მყავს მეგობრებში და ტყუილის თქმას არ მაპატიებენ.
როცა სპეცრაზმმა ჩაიარა და ეს საშინელი ცრემლმდენი კვამლიც ოდნავ გაიშალა, მოხუცი ქალი დავინახე პირველი სკოლის მხრიდან ქაშუეთისკენ გადმორბოდა. ტროტუარზე ფეხი დაუცდა და წაიქცა.
პირველად მაშინ მოვშორდი ჩემს სამუშაო ადგილს, ცხვირზე აფარებული შარფი და მუდმივ რეჟიმში ცრემლდენა თვალებიდან მოძრაობისას ვიგრძენი. მივედი ქალბატონის წამოსაყენებლად და წამით სპეცრაზმელის თვალები შევნიშნე. ზუსტად წამით. დავიხარე მოხუცის წამოსაყენებლად და მომენტალურად 2 შაშხანა მომხვდა ფეხებში. ორივე იმავე წამს გასკდა და სამწუხაროდ იმ მოხუცს გონწასული ზედ დავეცი. 3 საათის მერე სრულიად შიშველს გამეღვიძა მეცხრე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ცხელი ბოთლებით იყო ლოგინი სავსე რომ არ გავყინულიყავი.
მერე გაირკვა რომ ვიღაც ღვთისნიერს ჩავუსვივარ წავუყვანივარ, საიდანღაც ტელევიზიებიც გამოჩენილან და ჩემი საავადმყოფოში მიყვანაც გადაუღათ.
პირდაპირ ეთერში ჩემი შეყვარებული (მომავალი მეუღლე) მუშაობდა მაშინ და მას მოუწია ჩემი სახელის გამოცხადება, ისე რომ არც იცოდა გადავრჩი თუ არა.
ჩემს გვერდით ჩემი 2 უახლოესი მეგობარი იწვა. მათ სახელებს შეგნებულად არ დავასახელებ, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ და არ მინდა შემთხვევით რაიმე სახის გაურკვევლობაში გავხვიო.

საბოლოოდ გადავრჩი. გავთბი, ბევრი ამორეცხვა გამიკეთეს, წამლებით გამჭყიპეს, გადასხმები დამაყარეს.

იმავე საღამოს იმედის დარბევა დაიწყო ხელისუფლებამ. ამბის გაგებიდან ზუსტად 20 წუთში იმედის წინ ვიდექი (ვიჯექი, იმიტომ რომ ფეხზე ვერ ვიდექი) და გათენებამდე ფეხი არ მომიცვლია.
ვერაფერი ვუშველე მაგრამ იქ ვიდექი!

ვიდექი ყველა აქციაზე და ხმის ჩახლეჩვამდი ვყვიროდი:
"სისტემა უნდა დაინგრეს!"

ვიდექი გაზპრომის გასაპროტესტებლად!

ვიდექი (1 ღამე ვიჯექი კიდეც) პანორამას გასაპროტესტებლად!

ვიდექი ძალადობის გასაპროტესტებლად ყველა აქციაზე!

100 დღიან უწყვეტ აქციაზე ვიდექი.

ასამდე აქცია სასამართლოსთან დამიგროვდა.

ერთი მაგდენი პროკურატურასთან და კანცელარიასთან!

ვიდექი და ვიდგები ყველგან სადაც რომელიმე მედია საშუალებას საფრთხე შეექმნება. განსაკუთრებით ახლა, როცა ასე სჭირდება ჩემს ქვეყანას დემოკრატიული ფასეულობების დაცვა.

დღეს მე აჭარის ტელევიზია მტკივა და ბოლო წუთამდე ვიომებ მის გადასარჩენად!

და თუ ჩემი პოზიციის გამო ვინმეს ჩემთან ურთიერთობა აღარ უნდა, გეტყვით რომ უფალი მაღალია, გზა ბევრია, ბედუკაძე ყლეა, ჯამი ჭურჭელია, აჭარის ტელევიზიის ასეთ დღეში ჩაგდება დანაშაულია!
აჭარის ტელევიზია • Ajara TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი", - წერს მაქარაშვილი.