ჩემგან გინდათ, გაიგოთ ყველაფერი ?! - რას ამბობს ბოკერია მერაბიშვილზე (ვიდეო)
ჩემგან გინდათ, გაიგოთ ყველაფერი ?! - რას ამბობს ბოკერია მერაბიშვილზე (ვიდეო)

A+ A-

10:55 20/02/2020

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია არ პასუხობს კითხვას, მზად არის თუ არა “ევროპული საქართველო” ციხიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობისთვის.

ბოკერიამ, რომელიც ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხესთან დახვდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ პარტიასთან ითანამშრომლებს ვანო მერაბიშვილი, თავად მერაბიშვილმა უნდა მიიღოს.

"ჩემგან გინდათ გაიგოთ ყველაფერი?! სპეკულაციებს არ ვაპირებ”, – ასე უპასუხა მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ბოკერიამ.

მას ასევე ჰკითხეს მერაბიშვილის ხელახლა დაპატიმრებაზე.

“ივანიშვილი ისეთ ისტერიკასა და აგონიაშია, რომ არაფერს გამოვრიცხავ. იმედი მაქვს, რომ ამას ვერ შეძლებს. 8 წელი იჯდა სამარტოო საკანში. არ მახსენდება პოლიტიკოსი საქართელოს ისტორიაში (საბჭოთა კავშირს არ ვგულისხმობ), რომელიც ამდენი წელი იჯდა ციხეში”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი რეალობა, რომ ვანო მერაბიშვილის მსგავსად პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არავინ არ გახდეს.

ვანო მერაბიშვილმა რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დღეს, 20 თებერვალს დატოვა. როგორც მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება, თუმცა “ევროპულ საქართველოსთან” ითანამშრომლებს თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ამას კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.