2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ
2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

A+ A-

17:00 20/02/2020

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებები შევიდა გრანტის გაცემის წესსა და ჩასაბარებელი საგნების რაოდენობაშიც. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის გამოცდების ჩაბარება სამ საგანში - ქართული ენასა და ლიტერატურაში; უცხოური ენაში და მათემატიკაში ან ისტორიაშია სავალდებულო.  ჯანდაცვის და საგანმანათლებლო მიმართულებებზე კი, აბიტურიენტებს სავალდებულო საგნებთან ერთად, არჩევით, კიდევ ერთი დამატებითი საგნის ჩაბარება მოუწევთ.

სახელოვნებო-შემოქედებით/ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტისთვის სავალდებულოა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შიდა ტურის გავლა, ასევე, გამოცდების ჩაბარება სავალდებულო საგნებში: უცხოური ენასა და ქართული ენასა და ლიტერატურაში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სურვილისამებრ, დააწესოს დამატებითი გამოცდა შემდეგ საგანში/საგნებში: ისტორიაში ან/და მათემატიკაში.

„რაც შეეხება გრანტის გაცემის პირობებს და წესს, გრანტი სამი საგნის შედეგები მიხედვით გაიცემა. თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებას, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა - ის ორჯერ მიიღებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობას, საგრანტო ქულა კი გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსის აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგების მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს. გრანტის გაცემის დროს მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა სხვა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 2020 წელს დაგეგმილ მისაღებ გამოცდებში, ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.

წყარო:gmnews.com