ხვალ საქართველოს რაგბის ნაკრები ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება
ხვალ საქართველოს რაგბის ნაკრები ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება

A+ A-

11:18 21/02/2020

ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოს რაგბის ნაკრები ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი სია წარადგინა.

წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გადახალისებული. ორ მორაგბეს კი, ბორჯღალოსანთა კვართით დებიუტი ექნება.

„უკვე მიჩვეულები ვართ, რომ მოსამზადებლად საკმარისი დრო თითქმის არასდროს გვაქვს. სრული შემადგენლობით ფაქტობრივად, მხოლოდ დღეს, ქუთაისში გამგზავრების წინ ვივარჯიშეთ. ვეცდებით, რომ წინა მატჩში დაშვებული შეცდომები გავითვალისწინოთ და გამოვასწოროთ, მართვის სადავეები ხელიდან არ გავუშვათ და მთელმა თამაშმა ჩვენი კარნახით ჩაიაროს“, - განაცხადა მაისაშვილმა.

სასტარტო შემადგენლობაში ცხრა ცვლილებაა. მთლიანად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი. 19 წლის ვანო კარკაძე წელს ნაკრების კვართით პირველად ითამაშებს, მეხუთე კეპს მოიხვეჭს და პირველადაა სასტარტო შემადგენლობაში.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ნოდარ ჭეიშვილმა და მას დებიუტანტი ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, რომელიც 2017 და 2018 წლებში უმცროს ბორჯღალოსნებთან ერთად ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა.

ეროვნულ გუნდთან ერთად კი, შარშან მსოფლიო თასის წინ ვარჯიშობდა. წელს ნაკრების შემადგენლობაში პირველადაა ფლანკერი გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძემ და ბექა გორგაძემ კი, მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს. გორგაძე 33-ე ბორჯღალოსანია, რომელიც გუნდს უკაპიტნებს.

შეგახსენებთ, პირველ ორ მატჩში საქართველომ ჯერ რუმინეთს სძლია ბონუსით - 41:13, მერე კი მადრიდში ესპანეთი დაამარცხა 23:10. „შავი ეშმაკები“ პირველ ტურში პორტუგალიას ეწვია, 17:23 დამარცხდა და მცირედი სხვაობისთვის ბონუსს დასჯერდა, მერე კი რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა, 38:12 აჯობა და ამ შემთხვევაში შეტევის ბონუსი აიღო. შედეგად, ბელგიას 6 ქულა აქვს და საქართველოსა (9 ქულა) და პორტუგალიის (8 ქულა) შემდეგ, მესამე ადგილზეა.