"თავისუფალი დემოკრატები" "ევროპულ საქართველოს" ემიჯნება? - ჩვენ არ ვიქნებით იმ ძალასთან, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება
"თავისუფალი დემოკრატები" "ევროპულ საქართველოს" ემიჯნება? - ჩვენ არ ვიქნებით იმ ძალასთან, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება

A+ A-

11:24 21/02/2020

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი  ვანო მერაბიშვილი “ევროპული საქართველოსა“ და “თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური ერთობის აქილევსის ქუსლი ხდება.

როგორც “2020NEWS“-თან “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა  შალვა შავგულიძემ განაცხადა, მისი პარტია “ევროპულ საქართველოსთან“ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას იმ შემთხვევაში გაწყვეტს, თუ მერაბიშვილი “ევროპულ საქართველოში“ გაერთიანდება.

ამასთან, როგორც შავგულიძემ სააგენტოსთან განაცხადა, მისი პარტია გადაწვეტილებას პოლიტიკური მოვლენების განვითარების პარალელურად მიიღებს.

“წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვანო მერაბიშვილი. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ “თავისუფალი დემოკრატები“ ერთ პოლიტიკურ გუნდში თუ კოალიციაში, ვერ ვიქნებით იმ პარტიასთან, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იქნება. მაგრამ ასეთი მოცემულობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო კოალიცია გვქონდა. არჩევნების დასრულების შემდე, განვაცხადეთ, რომ  2020 წლის არჩევნებისთვის “ევროპულ საქართველოთან“ მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ფაქტიურად, ჩვენ ერთმანეთს პარტნიორ პარტიებად ვხედავთ“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეიწირავს თუ არა მერაბიშვილი “ევროპული საქართველოსა“ და “თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ თანამშრომლობას, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ექსმინისტრი განაცხადებს “ევროპულ საქართველოში“ ერთიანდება თუ “ნაციონალურ მოძრაობაში“.

ინფორმაციისთვის, შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, „მატროსოვის“ ციხე დატოვა.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა, მათ შორისაა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეები.

ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა მიმდინარეობს. პროკურატურა მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე