კახა კალაძემ სვანეთში აფრასიძეების ლიკვიდაციის სპეცოპერაცია  დააფინანსა - შალვა ნათელაშვილი
კახა კალაძემ სვანეთში აფრასიძეების ლიკვიდაციის სპეცოპერაცია  დააფინანსა - შალვა ნათელაშვილი

A+ A-

12:55 21/02/2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მტკიცებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სვანეთში, სოფელ ეცერში, აფრასიძეების ლიკვიდაციის სპეცოპერაცია დააფინანსა.

ეს სკანდალური განცხადება ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა, გადაცემა „რეაქციაში“.

„ეს ის კალაძეა, ჩვენ რომ რუსეთის აგენტებად გამოგვაცხადა, მხოლოდ იმისთვის რომ 80 ჰექტარი მიწა მიეღო. ეს ის კალაძეა, წინა ხელისუფლებას და თავად ვანო მერაბიშვილს მადლობას რომ უხდიდა 7 ნოემბერს ჩვენი დარბევისთვის. ეს ის კალაძეა, სვანეთში აფრასიძეების სპეცოპერაცია რომ დააფინანსა. ამის მოწმეა თავად თბილისის მერი  და ესეც თუ უარყო, მაშინ მართლა არ ჰქონია ნამუსი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

გადაცემა „რეაქციაშივე“, მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი ბარამიძემ, რომელიც აღნიშნულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ კახა კალაძის ოჯახმა მხოლოდ გატაცებული ძმის, ლევან კალაძის გამოსასყიდი თანხა გადაურიცხა აფრასიძეებს.

„აფრასიძეებმა გაავრცელეს ხმა, რომ მათ მოიტაძეს კალაძის ძმა და თუ ფულს გადაიხდიდა ოჯახი, გატაცებულს გამოუშვებდნენ. მაშინ გადაურიცხა კალაძემ ფული აფრასიძეებს, თორემ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია კალაძეს არ დაუფინანსებია. ეს სრული სოცრუეა“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, 2004 წლის 23-24 მარტს სვანეთში, სოფელ ეცერში სპეცოპერაცია ჩატარდა აფრასიძეების დასაპატიმრებლად. სპეცოპერაციის დროს, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპნენ მამა-შვილი - ევგენი და ომეხ აფრასიძეები, ხოლო გოჩა და შმაგი აფრასიძეები მძიმედ დაიჭრნენ. მოგვიანებით, სპეცოპერაციას გადარჩენილი შმაგი და გოჩა აფრასიძეები გაასამართლეს და სააკაშვილის ხელისუფლების მართლმსაჯულებამ მათ 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.