"კიბერშეტევა არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ამაზე ვმუშაობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად"
"კიბერშეტევა არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ამაზე ვმუშაობთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად"

A+ A-

15:40 21/02/2020

კიბერშეტევასთან დაკავშირებით სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ხაზგასმით აღვნიშნავ – ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი და პრობლემა. კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს – საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, „თქვენ გუშინ „ტვიტერზე“ არ ახსენეთ რუსეთი, იყო თუ არა ეს ჰიბრიდული ომი საქართველოს მიმართ და რა ღონისძიებები უნდა გაატაროთ ამის შემდეგ“, პრემიერმა განაცხადა: „იმხელა რაღაც გაკეთდა ამ ერთობლივი ღონისძიებით და გამოძიებით, საქართველოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, რომ დიახ, ეს თავდასხმა მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან და ამხელა შედეგების და ამხელა ძალის შემდგომ მსგავსი მიზეზების პოვნა და ამაზე გამოკიდება არ არის ღირსეული. ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და კონკურენციიდან გამომდინარე ქვეყანას კი ნუ ვებრძვით, ერთმანეთთან შევიდეთ კონკურენციაში და კითხვის ეგ ფორმულირება არის უბრალოდ არაკორექტული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.