მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი 25 თებერვალს გამოცხადდება
მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი 25 თებერვალს გამოცხადდება

A+ A-

19:03 21/02/2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. როგორც მოსამართლემ განაცხადა, საქმეზე განაჩენი 25 თებერვალს, 12:00 საათზე გამოცხადდება.

ადვოკატს ბრალდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ გამამართლებელ განაჩენის მოლოდინი აქვს. როგორც ზურაბ თოდუამ დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, ბრალდების მხარეს 150 მოწმიდან კალანდიას წინააღმდეგ მხოლოდ სამი მოწმე ჰყავს, რომელთაც ჩვენებები საკუთარი თავის გადასარჩენად აქვთ მიცემული. ​ადვოკატის თქმით, ამ ვითარებაში სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

ამასთან, ზურაბ თოდუამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გარემოებებზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, საინტერესოა, ვინ დაჭრა გიორგი მენაბდე, რომელიც შემთხვევის დღეს იმ მხარეს იდგა, საიდანაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის თქმით კი, ადვოკატის ვერსია მტკიცებულებებით ვერ მყარდება. პროკურორმა აღნიშნა, რომ საქმეზე კიდევ ორი გამოძიება მიმდინარეობს, საიდანაც ერთ-ერთი გიორგი მენაბდის დაჭრის ფაქტს ეხება. ამასთან, მირიან მეგრელიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება.

„ბრალდების მხარე პროცესის დაწყების დღიდან ცდილობდა, რომ ეს საქმე თავისუფალი ყოფილიყო პოლიტიკური კონტექსტიდან. თუმცა დაცვის მხარე ნებისმიერ გამოსვლაში, ნებისმიერ შუამდგომლობაში ცდილობს, რომ ეს მხარე გადაიყვანოს პოლიტიკურ კონტექსტში, პოლიტიკურ არენაზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევეწინააღმდეგოთ და აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ კონტექსტზე ვერც პროცესზე და ვერც პროცესს გარეთ მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბრალდებულის საბოლოო სიტყვაც რეალურად შეესაბამებოდა იმ ვერსიას, რა ვერსიაც დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში იყო. საბოლოოდ ყველაფერი შეფასდება სასამართლოს განაჩენით“, – განაცხადა პროკურორმა.

მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.