არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

A+ A-

12:08 22/02/2020

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. წილკანში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.

„ყველასთვის კარგად არის ცნობილი, როგორ უღმერთოდ იყო ჩემი შვილი ნაწამები და მოკლული ოსი სეპარატისტების მიერ. რა თქმა უნდა, თუ არა რუსი ოკუპანტების ხელის შეწყობა, მაგდენს ვერ გაბედავდნენ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო აუტანელი და მტკივნეული ხდება ჩემი შვილის გახსენება. უფრო გვიჭირს არჩილის გარეშე. უფრო აუტანელია ის, რომ არც ერთი დამნაშავე დასჯილი არ არის. ხელი არ მიუწვდება ჩვენს მთავრობას დამნაშავეებზე, რომ პასუხი აგებინონ. კი არიან პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ რა აზრი აქვს, დადიან თავისუფლად“, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. 2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.