საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა - NDI-ის პრეზიდენტი
საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა - NDI-ის პრეზიდენტი

A+ A-

19:42 26/02/2020

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც ორგანიზაციის პრეზიდენტის, დერეკ მიტჩელის ვიზიტს აჯამებს. მიტჩელი აცხადებს, რომ მნიშნელოვანია, საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გააჩნდეს, რისთვისაც, სხვა პარამეტრებთან ერთად, აუცილებელი იქნება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დროული და ფართო კონსესუსის მიღწევა.

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა“, – განაცხადა მიტჩელმა ქვეყანაში ვიზიტის დასრულებისას. მისი თქმითვე, „როგორც ამ მნიშვნელოვან წელს, ისე მომავალშიც, NDI გააგრძელებს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას“. მის კომენტარებს NDI-ის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დერეკ მიტჩელი საქართველოში 24-26 თებერვალს იმყოფებოდა. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო, რომლის დროსაც თბილისსა და მარნეულს ესტუმრა და, ორგანიზაციის ცნობით, „ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასა და NDI-ის პროგრამებზე“ ისაუბრა.

NDI-ის ცნობით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზაციის პრეზიდენტ შეხვდა: პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტარებს, მმართველი პარტიისა და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეებს [მათ შორის ბიძინა ივანიშვილს], ასევე სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, მერებსა და საკრებულოს წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ქალ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდა ლიდერებსა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებს.
შეხვედრების მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და საქართველოში NDI-ის საქმიანობა იყო.

„საქართველოს დასავლელი მეგობრები, მათ შორის NDI, არჩევნებისთვის მზადების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან“, – ორგანიზაციის თანახმად, ასე განაცხადა მიტჩელმა და თქვა, რომ მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გააჩნდეს, რისთვისაც აუცილებელი იქნება:

„ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დროული და ფართო კონსესუსის მიღწევა;
კანდიდატებისა და პარტიების უფლებების დაცვა, რათა მათ პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა;
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა;
პოლიტიკურ პროცესებში ქალების უსაფრთხო და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა;
ახალგაზრდების ჩართულობისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან არიდება, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას და გარე არალიბერალური ძალების გავლენებს აძლიერებს“.

ორგანიზაცია პრესრელიზში წერს, რომ NDI საქართველოში 1994 წლიდან დღემდე პარლამენტთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საკრებულოებთან, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვას.

„NDI ყოველთვის ითვალისწინებს პარტნიორების საჭიროებებს. ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც მმართველ პარტიასთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან და არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე პოლიტიკურ ძალას. საქართველოში NDI-ის მთავარი მიზანი გამჭირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა და არა არჩევნებში რომელიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა“, – წერს ორგანიზაცია.


„NDI საქართველოში რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რათა გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და აქტივისტებს მოქალაქეთა შეხედულებებისა და პრიორიტეტების შესახებ სანდო ინფორმაცია მიაწოდოს. NDI- ის გამოკითხვები და ფოკუს ჯგუფები მთავრობის წარმომადგენლებთან და პარტიებთან კონსულტაციის გზით ტარდება. დერეკ მიტჩელის ვიზიტის ფარგლებში პარტნიორებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კვლევის მიგნებები ფართოდ გამოიყენება როგორც პარლამენტის წევრების, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები კვლევის შედეგებს ორგანიზაციული განვითარებისა და საარჩევნო სტრატეგიების შემუშავებისთვისაც იყენებენ“, – წერია პრესრელიზში.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს ექსპრემიერმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან.

„დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა მან საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტსა (IღI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტზე (NDI) საუბრისას. მათი დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს ივანიშვილი არ ენდობა და აკრიტიკებს.

ივანიშვილის ეს განცხადებაა გააკრიტიკეს საქართველოში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „ღია საზოგადოების ფონდმა“. ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა:

„არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ხელისუფლება იწყებს მაშინ, როცა ის იწყებს სვლას ავტოკრატიისკენ“.