კორონავირუსის გამო ლა სკალა დროებით დაიხურა
კორონავირუსის გამო ლა სკალა დროებით დაიხურა

A+ A-

11:16 02/03/2020

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ლა სკალას ოპერის სახლი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოპერის სახლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.

"კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა 8 მარტამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა ღონისძიებისა და შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ლა სკალაში დაგეგმილი ღონისძიებები 8 მარტამდე აღარ ჩატარდება", — ნათქვამია ოპერის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 1,694 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 34 აღწევს.

კორონავირუსის საფრთხის გამო მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლუვრის მუზეუმიც დაიხურა. მუზეუმის თანამშრომლები ახალი ვირუსის გავრცელების გამო შიშობენ.