“ქართული ოცნების“ სასამართლოს სახის და ბიძინა ივანიშვილს მიერ სისტემის მსხვერპლად მონათლული ლევან მურუსიძის ქონებრივი დეკლარაცია
“ქართული ოცნების“ სასამართლოს სახის და ბიძინა ივანიშვილს მიერ სისტემის მსხვერპლად მონათლული ლევან მურუსიძის ქონებრივი დეკლარაცია

A+ A-

92

00:27 13/10/2018

სასამართლო სისტემის „ბოსთა“ შორის ერთ-ერთი მთავარი „ბოსის“, „ქართული ოცნების“ სასამართლოს სახისა და სასამართლო სისტემის „მურუსიძიზაციის“ ფუძემდებლის, ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ სისტემის მსხვერპლად მონათლული სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლის ლევან მურუსიძის ქონებრივ დეკლარაციას და ბიოგრაფიულ მონაცემებს გთავაზობთ.

სასამართლო სისტემის „ბოსთა“ შორის მთავარი „ბოსი“, დეკლარაციის მიხედვით, მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ლევან მურუსიძემ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 29 ივნისს შეავსო, სადაც წერია: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისში 1975 წლის პირველ მარტს დაიბადა და დღემდე მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობს.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან მურუსიძის საკუთრებაშია თბილისში, ჯანაშიას #21-ში მდებარე 100,03 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც 2009 წელს 40 000 აშშ დოლარად შეუძენია. 2015 წელს კი იქვე 5 000 აშშ დოლარად 18 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი შეუძენია.

გასულ წელს 10 500 აშშ დოლარად შეუძენია 1000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის დაბა ძეგვში. ლევან მურუსიძის დას კი – თამარ მურუსიძეს 2016 წელს ბორჯომში, დაბა ბაკურიანში 38 000 აშშ დოლარად შეუძენია 46,3 კვ.მ ფართი.

მამის, თორნიკე მურუსიძის 100%-იანი საკუთრებაა 101 კვ.მ ფართის ბინა, რომელიც ნუცუბიძის პლატო, მე-4 მკრ-ნში მდებარეობს, რომელიც თორნიკე მურუსიძეს 1986 წელს საკუთრებაში სახელმწიფომ გადასცა. თორნიკე მურუსიძესვე ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი ონის რაიონის სოფელ სორში 100,3 კვ.მ ფართის და 4997 კვ.მ მიწის ნაკვეთი იმავე სოფელში.

ლევან მურუსიძეს 2017 წელს მსუბუქი ავტომანქანა მერსედეს-ბენცი ML350 შეუძენია 24500 აშშ დოლარად.
დეკლარაციაში არაფერი წერია მურუსიძეების ოჯახის საკუთრებაში ფასიანი ქაღალდების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეთა „ბოსის“ ოჯახი ფასიან ქაღალდებს არ ფლობს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ლევან მურუსიძეს 22 305 ლარი აქვს დაფიქსირებული, ხოლო დანაზოგის სახით 2000 ევრო და 3000 აშშ დოლარი.

დეკლარაციის მიხედვით, მურუსიძეების ოჯახი არ ფლობს წილებს, არც საქართველოში და არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ლევან მურუსიძეს სხვადასხვა ბანკში გახსნილი საკრედიტო ბარათების უზრუნველყოფის მიზნით, დეკლარაციაში უფიქსირდება გასავალი 27 868,25 ლარი, 3191,35 აშშ დოლარი, 37 867,13 ლარი და 18 475,85 ლარი.

გასულ წელს ლევან მურუსიძის დას – თამარი მურუსიძე ლექციებიდან და კერძო პედაგოგიური საქმიანობიდან 44 000 ლარი შემოსავალი მიუღია, ლევან მურუსიძისთვის სადაზღვევო კომპანიას ზარალი აუნაზღაურებია 10 761 ლარის ოდენობით, მშობლების პენსია 4320 ლარი მიუღიათ და თორნიკე მურუსიძეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლის სახით 10 000 ლარი მიუღია. თავად ლევან მურუსიძის სამსახურებრივი სარგო 80 500 ლარია.

ეს არის ის ქონება, რომელიც ლევან მურუსიძის დეკლარაციაშია ასახული.

რაც შეეხება „ოცნების ხელისუფლების“ სასამართლოს სახის ბიოგრაფიას: 1991 წელს დაამთავრა თბილისი 170-ე საშუალო სკოლა; 1998 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2000-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ; 2004-2005 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე; 2005 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2006-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს, იმავე წლის 16 ივნისს კი საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ასევე რიგგარეშე სხდომაზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად; 2016 წლის იანვრიდან კი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლე.

მის სამოსამართლეო საქმიანობას უკავშირდება ბევრი გახმაურებული საქმე, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმე. მურუსიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა მოსამართლეებთან ერთად, „ზონდერ მოსამართლედ“ ითვლება და მას ქართული საზოგადოება სწორედ ასე იცნობს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, სისტემის მსხვერპლად გამოაცხადა. ამ ლოგიკით სანდრო გირგვლიანიც და ლევან მურუსიძეც მსხვერპლები არიან. ეს ის შემთხვევა, როდესაც კომენტარი უბრალოდ, ზედმეტია!!!