რა ისტორიას ინახავს თავისუფლების მოედანი და პუშკინის სკვერი?
რა ისტორიას ინახავს თავისუფლების მოედანი და პუშკინის სკვერი?

A+ A-

11:24 05/03/2020

ორბელიანის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე ფეხითაც 3-4 წუთში მოხვდებით პუშკინის ქუჩით. რუსი პოეტის სახელი ქუჩას 1890 წელს დაერქვა ნიკო ნკოლაძის თაოსნობით და უკავშირდება პუშკინის კავკასიაში იძულებითი გადმოსახლების პერიოდს. სწორედ აქ ამჟამინდელი პუშკინის 5 ნომერში მდგომ ტრაქტირში 1829 წელს ცხოვრობდა დეკაბრისტების მეგობარი და იმპერატორისაგან შერისხული პოეტი. აქვე, პატარა მოედანზე, იქ სადაც შეშის ბაზრობა იმართებოდა, 1885 წელს გაშენდა სკვერი და 1892 წელს დაიდგა ალექსანდრე პუშკინის ძეგლი.

თავად პუშკინის ქუჩა ავანაანთხევის ამოვსების შემდეგ გაჩნდა მე-19 საუკუნის 20-30-იან წლებში და გარეთუბანი ჩაიხანებმა და სამიკიტნოებმა აახმაურეს. პუშკინის ქუჩას თბილისის ორი რაიონი ინაწილებს - კრწანისისა და მთაწმინდის. დღეს მხოლოდ მთაწმინდის რაიონის კუთვნილ ტერიტორიაზე გიამბობთ, რომელიც თავისუფლების მოედანსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩას შორის არის მოქცეული. ამ მხრიდან გარეთუბაში მოხვედრა შესაძლებელია რეზო თაბუკაშვილის, გრიგოლ აბაშიძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩებით.
პოეტისა და მთარგმნელის, გრიგოლ აბაშიძის სახელობის ქუჩა ნახევარწრიულად ერტყმის ყოვლადწმიდა სამების ეკლესიას, რომელიც პლატონ იოსელიანის თანახმად, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აუშენებია პეტრე აღნიაშვილს, „პეტრე ყარაულას“-მეტსახელი ლეკთა შემოსევისაგან თბილისის დაცვისათვის შეურქმევიათ , ეკლესია კი მართალია მტრის, მაგრამ მაინც ადამიანის სისხლის დაღვრის მოსანანიებლად აუშენებია და აქვე დაუკრძალავთ. ამავე ტაძარშია დაკრძალული ომან ხერხეულიძე - მეფე ერეკლე II-ის მდივანბეგი, ისტორიკოსი და ავტორი თხზულებისა „მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა“;

1832 წელს თბილისის მცველის შვილიშვილს, ყოვლად წმიდა სამების ეკლესიის მღვდელს შიო (სიმონ) აღნიაშვილს სამლოცველოზე სვეტებიანი კარიბჭე და სამრეკლო მიუშენებია. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ყოვლადწმიდა სამების ტაძრის განახლება შემოწირულობებითა და საკუთარი სახსრებით დეკანოზ პეტრე არდაზიანს უთავებია. 1863 წლის 8 დეკემბერს უკურთხებიათ განახლებული ეკლესია და ამავე წელს ამ ტაძარში შემდგარა ილია ჭავჭავაძისა და ოლღა თაბუკაშვილის ჯვრისწერა. სწორედ სამების ტაძარს უკავშირდება ამ ქუჩის პირველი დასახელება - სამების ქუჩა, ასეა ის 1867 წლის გეგმაზე დატანილი. მას 1923 წლდან განათლების, ხოლო 1983-2001 წწ. ეროსი მანჯგალაძის ქუჩა ერქვა. 2001 წლიდან დღემდე ეს ქუჩა გრიგოლ აბაშიძის სახელს ატარებს, რომლის ბიუსტიც იქვე, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის წინ მდებარე სკვერს ამშვენებს 2015 წლიდან. 5 წლით ადრე კი, 2010 წელს პოეტის ბიუსტი უნგრეთში , შანდორ პეტეფის სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე პეტეფის მთარგმნელთა „პოეტების გალერეაში“ დაიდგა. „მიყვარხარ... ძლიერ, ძლიერ, მიყვარხარ.. ცხადად, მალვით ...“– ეს ფრთოსან ფრაზებად ქცეული ლექსი, სწორედ გრიგოლ აბაშიძემ გახადა ქართულენოვანი.

დიდი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის სახელობის პატარა ქუჩა რჩება დედაქალაქის კულტურის ცენტრად - აქ მდებარეობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამი კორპუსი, ტატიშჩევის მიერ მე-19 საუკუნეში აშენებული შენობა, გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი, ნაციონალური მუზეუმის შიდა ეზო, მე-20 საუკუნის მიწურულს, სამოქალაქო ომის დროს განადგურებული მხატვრის სახლის სანაცვლოდ აშენებული 21-ე საუკუნის პირმშო - ხელოვნების სახლი. ეს პატარა ქუჩა ნამდვილი მუზეუმია და იწყება კიდეც მუზეუმით, გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩების შესაყარზე მდებარე შალვა მირიანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმით. ამ შენობის ადგილზე პლატონ იოსელიანის თანახმად, მე-17 საუკუნის მიწურულს სამეფო ქარვასლა მდგარა, რომელიც 1724 წლის შემოსევისას თურქებს დაუნგრევიათ. 1785 წლის გეგმაზე მეფის, დედოფლის და გიორგი ბატონიშვილის ბაღებთან ერთად, აღნიშნულია ერთადერთი შენობა „ ბეჟანის ქარვასლა“ ( სავარაუდოდ, ამჟამინდელი თვითმმართველობის შენობის ტერიტორია). 1835 წელს იაკობ ზუბალაშვილს დანგრეული სამეფო ქარვასლის მიდამოებში აუშენებია სასტუმრო „პალასი“ ( არქ. ჯუზეპე ბერნარდაცი), სადაც 1838-1840 წელს საეკლესიო უწყების განკარგულებით სასულიერო სემინარია განთავსდა. 1921 წელს შენობამ პირველადი ფუნქცია დაიბრუნა სასტუმრო „პალასის“ სახით, 1950 წლიდან კი, შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, აქ განთავსდა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.

ხელოვნების მუზეუმი პუშკინის სკვერის პირდაპირ და შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. მოედანზე, რომლის ოფიციალური ნათლობა 1828 წელს შედგა - მას „პასკევიჩ-ერევანსკი“ უწოდეს; 1829 წელს გენერალ პასკევიჩს ერევნის ციხე-ქალაქთან მოპოვებული გამარჯვებისთვის ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა, მოედანს კი „ერევანსკი“, შერჩა, რაც ნიშნავს ერევნელს და არამც და არამც ერევნისას. 1851 წელს აქ აშენებული ქარვასლის შენობის ნაწილში თეატრის განთავსებამ, მოედანიც და მისი დასახელებაც გაათეატრალურა. 1917 წელს იმპერატორის ჩამოგდებამ კი თავისუფლების სიო და შესაბამისი სახელწოდება „თავისუფლება“ მოიტანა. საბჭოთა ოკუპაციამ რამდენჯერმე შეუცვალა მოედანს დასახელება - 1922-1940 წლებში „ზაკფედერაციისა“ (ამიერკავკასიის სფსრ), 1940–1953 წლებში ლავრენტი ბერიას (1953 წელს დახვრიტეს), 1953 წლიდან 1990 წლამდე ვლადიმერ ლენინის სახელობის. და აი უკვე 30 წელია, დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქს „თავისუფლების მოედანი“ ამშვენებს და აფორიაქებს - საპროტესტო და სამშვიდობო თავყრილობების ცენტრი.

ნინო გედენიძე