ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

A+ A-

19:03 05/03/2020

ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ არსებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ვიქტორ იანუკოვიჩის და კიდევ 10 პირის წინააღმდეგ დაწესებული აკრძალვები 2021 წლის 6 მარტამდე გახანგრძლივდება.

ევროკავშირს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციები სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონო მითვისებისა და უფლებამოსილების გადამეტებისთვის აქვთ დაწესებული.

ევროპული გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების გახანგრძლივება არ შეეხო ორ პირს. მათი ვინაობა არ არის დასახელებული. თუმცა გავრცელებული ცნობით, საქმე ეხება უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ნიკოლაი აზაროვს. მეორე კი ედუარდ სტავიცკია, რომელიც 2012 წელს უკრაინაში ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტს იკავებდა.