რატომ დაუპირისპირდა ზურაბ ჟვანია ეროსი კიწმარიშვილს და რა აკავშირებდა ამ სკანდალთან გოგლა ჟვანიას?  
რატომ დაუპირისპირდა ზურაბ ჟვანია ეროსი კიწმარიშვილს და რა აკავშირებდა ამ სკანდალთან გოგლა ჟვანიას?  

A+ A-

12:17 13/03/2020

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებეში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რევოლუციის ლიდერებთან დაწყებული დაპირისიპირების შესახებ წერს. „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილისა და ზურაბ ჟვანიას საერთო ინტერესების შესახებაც დეტალურად წერს:

„2004 წლის თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში „ბურჯანაძე- დემოკრატების” ბლოკი “ნაციონალურ მოძრაობას” შეერწყა და ამ საარჩევნო სუბიექტს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა. რევოლუციის შემდეგ ეს არც იყო გასაკვირი. ამომრჩეველთა უდიდესი მხარდაჭერის გამო, იმდენი დეპუტატი გაყავდათ, ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამხელა მხარდაჭერის გამო, საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, აღარ იცოდა სიაში ვინ ჩაეწერა. მან მეც შემომთავაზა, ერთი ათი კაცი მოიფიქრე, რომ სიაში ჩავწეროო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამხელა წარმატებისთვის ეს ჯგუფი მზად არ იყო, ამიტომ საქმე კურიოზამდე მივიდა. მე შემეძლო გამეხსენებინა სოფელში მცხოვრები ნათესავები, მეგობრები ან უბრალოდ კარგი ნაცნობები და პარლამენტში ერთი ფრაქცია მეყოლებოდა. თუმცა, პოლიტიკური ძალაუფლების აღებაზე არასდროს მიფიქრია და ვანოს ვუთხარი - საპარლამენტო სიები ჩემი საქმე არ არის, ვინც გინდა სიაში ის ჩაწერე-თქო. სამწუხაროდ, პარლამენტში ისეთი ხალხი მოხვდა, მარტო ოჯახში რომ იცნობდნენ და ფაქტობრივად,  უამრავმა ადამიანმა შრომითი ბიოგრაფია დეპუტატობით დაიწყო, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მანამდე ბოლნისსა და ზუგდიდში შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთი-ორჯერ მარჯვედ ქვები დაუშინეს.

ვშიშობდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მაღალი რეიტინგის გამო, პარლამენტი ერთპარტიული გახდებოდა და პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიები ქუჩის აქციებს დაიწყებდნენ, რაც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის უსიამოვნოა. ამას ემატებოდა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც იმდენად უსუსურები და მორჩილები იყვნენ, რომ ყველაფერს მხარს უჭერდნენ.

პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზე ლეიბორისტები გადიოდნენ, მაგრამ საეჭვო იყო გადალახავდნენ თუ არა საარჩევნო 7 პროცენტიან ბარიერს. მე ვანო მერაბიშვილს ვესაუბრე, რომ იქნებ შალვა ნათელაშვილს დავხმარებოდით, რომ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო რაოდენობის ხმები მიეღო.

ამის შემდეგ მე ნათელაშვილს რამდენჯერმე შევხვდი. პირველ შეხვედრაზე სულ ბუზღუნებდა და მეჩხუბებოდა, რადგან თვლიდა რომ შალვა მე დავღუპე. ნათელაშვილმა სააკაშვილს 2001 წლის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებში მოუგო, ამიტომ ის ფიქრობდა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი მას ჰქონდა და შემდეგი პრეზიდენტი გახდებოდა. მისთვის მოულოდნელად, რევოლუცია მოხდა და პრეზიდენტი ამ რევოლუციის ხარჯზე სააკაშვილი გახდა. ამიტომ გამწარებული ნათელაშვილი გულის ჯავრს იყრიდა. მისი აზრით, პრეზიდენტობა მე დავაკარგვინე რადგან “ვარდების რევოლუცია” მოვაწყვე. მან ერთხელ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ეროსი კიწმარიშვილი და „რუსთავი 2“, რომ არ ყოფილიყვნენ სააკაშვილი “უბნის კოლორიტი” იქნებოდაო.  “პლეხანოველი” გიჟი მარინას ვარიანტში.

შალვას ვუთხარი, რომ ჩვენ მას დავეხმარებოდით, ტელევიზიის საშუალებით, კიდევ რამენაირად, რომ პარლამენტში შემოსულიყო. ჩემი რჩევა იყო, რომ “მრეწველთა” პარტიასთან გაერთიანებულიყო, რაც ამ პროცესს ყველას გაგვიადვილებდა. შალვა ძალიან დაინტერესდა, ვინაიდან მისი პარტიის ფინანსები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გაიყვანს თუ არა ხალხს პარლამენტში. ის გამსვლელ სიაში ხშირად ყველასთვის უცნობ ხალხს წერდა. ცხადია, მატერიალური დაინტერესების გამო, რომლებიც შემდეგ,  პირველივე სხდომაზე სახელისუფლებო ფრაქციაში გარბოდნენ.

ხელისუფლებამ სხვაგვარად განსაჯა. “მრეწველები” და “ახალი მემარჯვენეები” გააერთიანა და ესენი შეიყვანა პარლამენტში. ცხადია, ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება ბადრი პატარკაციშვილთან მეგობრობის გამო მიიღეს. დამარცხებულმა ბადრიმ მაინც მოახერხა, რომ პარლამენტში ფრაქცია შეექმნა.

საპარლამენტო სიების დაკომპლექტებისგან განსხვავებით, მიმაჩნია, რომ უფრო აქტიურად უნდა ჩავრეულიყავი კონსტიტუციური ცვლილებების მიღების პროცესში.

ზურა ადეიშვილმა საქმის კურსში ჩამაყენა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღების გამო, კონსტიტუციაში ცვლილებები შეჰქონდათ და ბურჯანაძე პარლამენტის ინსტიტუციონარულ დასუსტებას აპროტესტებდა და ამაზე სულ ბუზღუნებდა. ადეიშვილს ვუთხარი, რომ თვითონ ის, სააკაშვილი და ბურჯანაძე ყველანი იურისტები ხართ და როგორმე უჩემოდ გადაწყვიტეთ, რა სახის კონსტიტუციური ცვლილებები უნდა გაატაროთ-მეთქი.

მე ჩემი პრობლემებით გადაღლილი ვიყავი და ვფიქრობ ზერელედ მოვეკიდე ამ საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტზე მეტი უფლებები მიიღო, რის გამოც, საქართველოში ბევრი პროცესი არასწორი გზით წარიმართა.

ამის გამო ბურჯანაძე დღემდე მსაყვედურობს, რომ მე ძალთა ბალანსის თაობაზე სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის 24 ნოემბრის შეთანხმება არ დავიცავი, რომელიც ამ შეთანხმების გაკონტროლებას გულისხმობდა.

ნინო ბურჯანაძემ ასევე გააპროტესტა საპარლამენტო კვოტები. თუ არ ვცდები “ნაციონალური მოძრაობის” სიით პარლამენტში საბოლოოდ 135-ზე მეტი დეპუტატი მოხვდა, საიდანაც ბურჯანაძის კვოტა მგონი 15 კაცი იყო.

სააკაშვილი ამ დროს კანცელარიაში თავის კაბინეტს „რუსთავი 2“-ში ჩემი კაბინეტის ყაიდაზე არემონტებდა და სახელმწიფო ჰიმნის შერჩევით იყო დაკავებული. არჩევნების წინ, მისი მთავარი საზრუნავი და გასართობიც -  ახალი ჰიმნი გახლდათ. მან ბაბინაზე ფალიაშვილის მუსიკა მომასმენინა, რომელიც ცუდი ხარისხით იყო ჩაწერილი და თავად მუსიკაც, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს დაუმთავრებელია.  არა, ჩვენ ახლა ამ მუსიკის ხელახალ არანჟირებას გავაკეთებთ და ეს იქნება ახალი ჰიმნი -  ჩემს შეფასებას არ დაეთანხმა სააკაშვილი.

რევოლუციის შემდეგ მე და ზურა ჟვანია დემონსტრაციულად ვმეგობრობდით, თუმცა ჩვენს ურთიერთობას ძნელად თუ დაარქმევდი მეგობრობას.

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს შორის დაძაბულობა რამდენჯერმე წარმოიქმნა: პირველად, 2003 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა მე მას ვუთხარი, რომ ბადრი პატარკაციშვილს ჩემთვის დარღვეული შეთანხმების სანაცვლოდ,  პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა. ჟვანიამ მხარი არ დამიჭირა, რაც ჩემი ტელეკომპანიის არსებობისთვის შესაძლოა საბედისწერო გამხდარიყო. მეორედ, მაშინ განაწყენდა, როცა შეუძლებელს მთხოვდა, “გლობალ სტრატეგი გრუპის” ეგზიტპოლის შედეგი არ გამოაქვეყნო, ვიცი, რომ არასასურველი რეიტინგი მაქვსო. შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმიდან” 35 მილიონი დოლარის მიღებაში დაეხმარა, როცა მე მიმაჩნდა, რომ ეს თანხა სახელმწიფოს ეკუთვნოდა.

ამის შემდეგ, თითქოს კვლავ დათბა ჩვენი ურთიერთობა, როცა მან სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ წარმადგინა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა ჩემი მისამართით.

შემდეგ ისევ დაგვეძაბა ურთიერთობა და ამის მიზეზი სახელმწიფო ტელევიზიის დაფინანსების საკითხი გახდა. მე ვითხოვდი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნილი სახელმწიფო პირველი არხი ძლიერ ტელეკომპანიად ჩამოყალიბებულიყო. ამ არხს ხელისუფლების რუპორის ფუნქცია უნდა ეტვირთა, ვინაიდან „რუსთავი 2“ მუდმივად ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდა. თავდაპირველად მე ხელისუფლებას ლოიალური დამოკიდებულებით ვანებივრებდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ახალი ხელისუფლება ჯერ სუსტი იყო და მას დახმარება ესაჭიროებოდა. მე ჟვანიას ავუხსენი, რომ „რუსთავი 2“-ის ფუნქცია არ იყო ხელისუფლების ქება-დიდების ტირაჟირება. ეს ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებიც თავისუფალი ადამიანები იყვნენ, არც ესმოდათ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ეს როგორ კეთდებოდა. ამ ხალხმა რევოლუციისთვის დარაზმა ხალხი, რევოლუციამ გაიმარჯვა და ამის შემდეგ ესენი თავისუფლად აზროვნებას როგორ გადაეჩვეოდნენ? მე წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რაც მოგვიანებით გამოჩნდა კიდეც, როცა არხი უამრავმა საინტერესო ადამიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამიტომ ჟვანიას შევთავაზე, მე გამათავისუფლე ამ წნეხისგან, სახელმწიფოს პირველ არხს დაფინანსება გაუზარდე, რომ ხელისუფლების მხარდამჭერი ძლიერი ტელეკომპანია გაკეთდეს-მეთქი.

პირველი არხის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია რეფორმირების და არხის ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის, 25 მილიონ ლარს ითხოვდა. იმხანად ამ ტელეკომპანიის ბიუჯეტი 12 მილიონ ლარს შეადგენდა.

25 მილიონის გაგონებაზე ჟვანია გადაირია, ძაან ბევრიაო. მე შენგელიას მაქსიმალურად დავაწურინე ბიუჯეტი, რაღაც პროექტების განხორციელებაზე  უარი ვათქმევინე და ამ პირობებში არხს სასიცოცხლოდ 15 მილიონი ლარი ესაჭიროებოდა. თურქეთში ვიყავი, როცა ზაზა შენგელიამ დამირეკა და მითხრა, რომ პირველ არხს 9 მილიონი ლარი გამოუყვეს. გავგიჟდი. თურქეთიდან ჟვანიას დავურეკე და ვეჩხუბე. მიმაჩნდა, რომ მას სპეციალურად არ სურდა არც სახელმწიფო არხის გაძლიერება და “რუსთავი 2”-ის რეიტინგიც თუ დაბლა დაიწევდა, ესაც არ ეწყინებოდა, ვინაიდან ამ პერიოდში ბადრისთან გარიგებული იყო და მას მხოლოდ “იმედის” მზარდი პოპულარობა ახარებდა. ჩვენ კი პრესაში უკვე დაგვცინოდნენ, რომ  “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” სახელისუფლებო არხი გახდაო.

თურქეთიდან 7 მაისს დავბრუნდი. ეკა ხოფერიამ, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მითხრა, რომ ვიღაც ანდრიაძეებს ელიავას ბაზრობის წილებს ართმევდა “პაპუასა” - ზაზა პაპუაშვილი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ჟვანიას პოლიტიკურ ოპონენტს, ვახტანგ რჩეულიშვილს პარლამენტში თავი გაუტეხა და ჟვანიას გუნდს “კუალდად” ყავდა. მერე გააკათე სიუჟეტი, მე რატომ მითანხმებ“? - ვეკითხები ხოფერიას. არა, იცი რა ხდება, მასთან ერთად ზურა ჟვანიას ძმა - გოგა ჟვანიაც არის და რა ვიცი, საქმის კურსში ჩაგაყენე, - მითხრა ხოფერიამ.

ხოფერიას ვუთხარი, რომ მე თავზე ხელის გადასმას აღარავიზე ვაპირებდი და როგორც მას უნდოდა, ისე მოემზადებინა სიუჟეტი.

ეს სიუჟეტი ეთერში გავიდა და გააფრთებულმა ჟვანიამ დამირეკა:

  • ეს რა გააკეთე, ჩემს ძმას როგორ შეეხე, - აკანკალებული ხმით მეუბნება. შენ არ იცი რა დღეში ჩაგვაგდე, დედაჩემი ძალიან ცუდად გახდა, ამას არ გაპატიებ, - მეუბნება პრემიერ-მინისტრი. მე ვუპასუხე, რომ ჯერ ერთი მე არაფერი გამიკეთებია. მეორეც, საერთოდ არ ვერევი ჟურნალისტების საქმიანობაში და ეს როგორც გინდა, ისე გაიგე.
  • მაშინ ყველაფერი გასაგებიაო, - და ტელეფონი გათიშა“, - წერს ეროსი კიწმარიშვილი.

გაგრძელება იქნება

1. ჟვანიამ და სააკაშვილმა პატარკაციშვილთან “ქაჯეთის ციხეში“ ძალით წამათრიეს, მე მათთვის ძალიან საშიში ვიყავი - ეროსი კიწმარიშვილი

2. "ჩვენ თანახმა ვართ, 5 მილიონი ახლავე გადაგიხადოთ, თუ მიტინგებს აღარ გააშუქებთ...

3. "არჩევნების შედეგები იცი? - მგონი ვმარცხდებით"

4. ასე დაიწყო ვარდების რევოლუცია, იქ იყო ბიძინა ივანიშვილიც - რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში?

5.  რა მოხდა 2003 წლის 24 ოქტომბერს, "ვარდების რევოლუციამდე" ერთი თვით ადრე და რა ულტიმატუმი მოქმედებდა 2 ნოემბრამდე?

6. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

7. იქ ერთად უნდა ასულიყვნენ ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე და ამით იწყებოდა...

8. რატომ მიდიოდა ზურაბ ჟვანია ემიგრაციაში და რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ასლან აბაშიძეს, მიხეილ სააკაშვილს და შალვა ნათელაშვილს?

9. როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბადრი პატარკაციშვილი, ნუგზარ საჯაია და ზურაბ ჟვანია და სად იყო "რკინის კაცი" კახა თარგამაძე?

10. "შევიკრიბეთ მამუკა ხაზარაძესთან მე, დათო გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, მამუკამ თქვა - დროა, მოვიპოვოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი პოლიტიკაში“

11.  ბერეზოვსკი, პატარკაციშვილი, პომპადური, "ტიტანიკი" და "რუსთავი 2" - რას ნანობდა რუპერტ მერდოკი?

12. როგორ და რატომ მიიყვანა ეროსი კიწმარიშვილი ედუარდ შევარდნაძემ ბადრი პატარკაციშვილამდე?

13.  რა ურჩია ასლან აბაშიძემ ეროსი კიწმარიშვილს?

14.  რატომ უგზავნიდა გია დვალი "რუსთავი 2“-ს ამერიკიდან ყოველთვიურად ასეულობით დოლარს?

15. ვინ არის "კურიერის" ნათლია და რატომ ქვია ყველაზე პოპულარულ არხს "რუსთავი 2" ?

16. "ჩაბნელებულ ტრასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი... ასე მოდიოდა "ვარდების რევოლუცია"

17. "რუსთავი 2"-ის შენობას ე.წ "მუხა" ესროლე, მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით..."- ეროსი კიწმარიშვილი

18. რატომ მიატოვა გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ ნიკა ტაბატაძემ "რუსთავი 2" და ვის მიყიდა არხის წილი?

19. როგორ გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიას პრემიერობიდან გადაყენებას და რაში იხდიდა 220 მილიონ დოლარს?

20. ასე იწყებოდა "ვარდების რევოლუცია" აჭარაში - რაზე თქვა უარი ასლან აბაშიძემ?