კორონავირუსთან ერთად მსოფლიოს კალიებიც უტევენ - კალიების 8 მილიარდიანი ერთი გუნდი 3.5 მილიონი ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამს (ვიდეო)
კორონავირუსთან ერთად მსოფლიოს კალიებიც უტევენ - კალიების 8 მილიარდიანი ერთი გუნდი 3.5 მილიონი ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამს (ვიდეო)

A+ A-

17:20 17/03/2020

აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. კალიები მეზობელ თურქეთშიც გამოჩნდნენ. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს. მწერები დაახლოებით თავისი სხეულის წონის საკვებს მოიხმარენ ყოველდღიურად და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ვარაუდობენ რომ, კალიების რაოდენობა ივნისისთვის 4 000-ჯერ გაიზრდება. ძირითადი საფრთხის ზონაშია აღმოსავლეთი აფრიკა, იემენი, ირანი, პაკისტანი და ინდოეთი.

ბოლო მონაცემებით კალიების გუნდები დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კუვეიტში, ბაჰრეინში, ყატარსა და ირანის სანაპიროებზე. ცნობისთვის, კალიები 2020 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელდნენ. საშუალოდ, კალიების გუნდი 100 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. გუნდში 4-დან 8 მილიარდამდე კალიაა და დღის განმავლობაში 3.5 მილიონი ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამენ.

კენიაში დააფიქსირეს კალიების გუნდი, რომელიც 2,400 კვადრატულ კილომეტრს იკავებდა, რაც ნიუ-იორკის ზომაზე სამჯერ მეტია. იანვარში გაერომ განაცხადა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად 76 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იყო აუცილებელი. ახლა ეს რიცხვი 138 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 52 მილიონის მობილიზება მოხერხდა. აქედან 10 მილიონი ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდის დონაციაა.