21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

A+ A-

11:49 21/03/2020

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს. ქართული ჟურნალისტიკის დღედ, პირველი ქართული გაზეთის ჯერ “საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი “ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა. სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.

ჟურნალისტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ათასფეროვანი მოვლენებისა და ფაქტების ამსახველი თანამედროვეობის მატიანეა. თუმცა არა მარტო უბრალო ამსახველი, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი, მისი გაუმჯობესებისათვის მებრძოლიცაა. ეს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია - ცხოვრების ასახვა და გარდაქმნა – ავსებს და ამდიდრებს ჟურნალისტიკის შინაარსს.

შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ ჟურნალისტიკას “მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ. ჟურნალისტობა ერთ-ერთი რთული და პოპულარული სპეციალობაა და ჟურნალისტის კარიერაზე მსოფლიოში უამრავი ახალგაზრდა ოცნებობს.

ჟურნალისტობა უმაღლეს კვალიფიკაციასთან, მრავალმხრივ ცოდნასთან, გამოცდილებასა და უსაზღვრო მოთმინებასთან ერთად, უზარმაზარ ყოველდღიურ შრომას მოითხოვს.

"2020NEWS"-ის რედაქცია გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს.