არ გამორიცხავ, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა საკონსტიტუციო რეფორმაზე სავაჭროდ გამოიყენოს - იაგო ხვიჩია
არ გამორიცხავ, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა საკონსტიტუციო რეფორმაზე სავაჭროდ გამოიყენოს - იაგო ხვიჩია

A+ A-

18:13 21/03/2020

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ მიესალმება. „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა საკონსტიტუციო რეფორმაზე სავაჭროდ გამოიყენოს.

როგორც "2020NEWS"-თან საუბრისას ხვიჩიამ აღნიშნა, ეს საპატრიარქოსა და მთავრობას შორის მომხდარი შეთანხმებაა, რითაც ორივე მხარემ "იხეირა".

"რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სწორი ნაბიჯია. როგორ შეიძლება მთავრობას, რომელსაც გუშინ არ ენდობოდი, აპროტესტებდი, სასამართლო, პროკურატურა და ა. შ ჯიბეში ედო, თითქმის შეუზღუდავი უფლება მისცე და თან გჯეროდეს, რომ ეს აუცილებელია ვირუსთან საბრძოლველად. ზოგადადმ როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ მთავრობას ვირუსთან საბრძოლველად უფლების არ ქონა უშლიდა ხელს აქამდე?!

ეს არის შეთანხმება ეკლესიასა და მთავრობას შორის. ეკლესიამ ვითომ სახე შეინარჩუნა, რომ არ დაარღვია საეკლესიო წესი. არადა პირიქით გამოჩნდა, რომ ეკლესიას მრევლის ჯანმრთელობა მაინცდამაინც არ ანაღვლებს და მთავრობამაც ქულა დაიწერა, რომ არ დაუშვა ხალხის დაინფიცირება. მედიაში კი ჩანს, რომ მზრუნველი მთავრობა გვყავს, რომელიც ვირუსისგან გვიცავს.

გარდა ამისა, მთავრობამ ხელში ჩაიგდო ბერკეტი, ივაჭრონ საკონსტიტუციო რეფორმაზე და ეცადონ შეთანხმება გახადონ ისევ სავაჭრო. თუმცა გახარიამ თქვა არ შეეხებაო და ამიტომ ხელაღებით დაბრალება არ მინდა",- განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 48 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

მარიამ მაჭარაშვილი