"ფიქრი იმაზე, როგორ არ დავაზიანოთ, რით ვუშველოთ, როგორ შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ყოველდღიურობა, ეს ახლა საუკეთესო გზაა"
"ფიქრი იმაზე, როგორ არ დავაზიანოთ, რით ვუშველოთ, როგორ შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ყოველდღიურობა, ეს ახლა საუკეთესო გზაა"

A+ A-

15:50 24/03/2020

„ფიქრი იმაზე, როგორ არ დავაზიანოთ, რით ვუშველოთ, როგორ შევუმსუბუქოთ ერთმანეთს ყოველდღიურობა, ეს ახლა საუკეთესო გზაა“, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, თორნიკე ბერიშვილი.

„მე დიდხანს ვიარე მთაში, ვმთასვლელობდი. ვიყავი პროფესიონალი მაშველი. ყველაზე მაშტაბური ოპერაცია, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა, იყო სპიტაკის და ლენინაკანის მიწისძვრა, მრავალ უფრო მცირეშიც. ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე. ერთ-ერთმა ბოლომ დავტოვე სოხუმი. თითქმის 10 წელი ვიცხოვრე და ვიმუშავე აფრიკის უღარიბეს ქვეყანაში, სადაც მრავლად იყო უკიდეურესი გაჭირვება და კრიტიკულ/კრიზისული სიტუაცია. ვიყავი პროფესიონალი ფსიქოლოგი და ალბათ ცოტა ვარ კიდეც... ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავი მოგაწონოთ ან სხვაზე ჭკვიანად ან უპირატესად მიმაჩნია.

მრავლად იყვნენ და არიან ჩემნაირებიც და ბევრად უკეთესებიც. უბრალოდ ესე მოხდა, მრავალი კრიტიკული სიტუაციის მომსწრე ვიყავი, ხშირად სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე და ეს ყველაფერი დაილექა მეხსიერებაში და ქვეცნობიერში. არც ჭკუას არ ვასწავლი არავის, მხოლოდ ჩემი სუბიექტური თვალსაზრისი მინდა გაგიზიაროთ - ახლა ყველა ერთად ვართ კრიტიკულ, განსაკუთრებულ, საგანგებო ვითარებაში. არა იმიტომ, რომ მთავრობამ გამოაცხადა, არამედ მართლაც რელურად საგანგებოა. პარადოქსია, თითქოს საზღვრები ჩაიკეტა, თითქოს ყველა ცალ-ცალკე და დათითოებულია, თითქოს, როგორც მოგვიწოდებენ „სოციალურ დისტანციასაც“ ვიჭერთ, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ერთიანი არც ქვეყანა და არც მთელი მსოფლიოც არ ყოფილა, ერთიანი განსაცდელის გამო. ამ დროს ყველაზე მთავარი, ყველანაირ პირბადეზე, დეზინფექტორზე და წამალზე უმთავრესი სწორი განწყობაა.

ეგოისტურის, გინდა პიროვნულის, გინდა ჯგუფურის, პარტიულის, რელიგიურის, ნებისმიერის, უკან გაწევა და საერთო გასაჭირის, მაქსიმალურად ერთმანეთზე ზრუნვის, ერთმანეთის გათვალისწინების წინ გამოწევა. ამას თუ მივაღწიეთ, გაათმაგდება ყველა წამლის თუ ტექნიკური საშუალების ეფექტი. შიში და პანიკა უნდა დაიძლიოს, მაგრამ არც არხეინობამ და თავის მოტყუებამ უნდა იმძლავროს. რას ნიშნავს ეს ყოველდღიურობაში? - ეხლა ერთად ვართ მთაში, ომში და სამაშველო ოპერაციაზე. ასეთ დროს უცბად ირკვევა ვინ ვინ არის. გაათმაგებულად ფასდება საქმის ჩუმად მკეთებელი, მშვიდი, პროფესიონალი, სხვაზე მოფიქრალი და მზრუნველი ადამიანი.

გადარჩენის ერთადერთი გზა სხვისი დახმარება და გადარჩენაა. სარგებლის და დივიდენდის მაძიებელი კი მავნებელი და მტერია და სამხედრო დროის წესით უნდა დაისაჯოს. აქვე ჩნდება ადამიანების და ინსტიტუციების რეალური წონა და მნიშვნელობა. აღმოჩნდება, რომ მთავრობა და ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არაფერი არ არის ხალხის ნების, ნებაყოფლობით აყოლის, თანამშრომლობის და თანხმობის გარეშე. აღმოჩნდება, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თვითორგანიზაციას, ერთმანეთის ნდობას და შეთანხმებას. ძალიან მნიშვნელოვანია წესების და წესრიგის გათავისება, გაცნობიერება და რეალიზება, რომ ბევრი რამის მომლოდინე არ უნდა ვიყოთ და თავად უნდა გავაკეთოთ. თავისი რეალური წონა და მნიშვნელობა ეძლევა პოლიტიკურ ოპონირებასაც, ცხადი ხდება კინკლაობის სიტუტუცე და რეალობის აღქმის და შორსმჭვრეტელობის უნარიც.

აქაც ეგოიზმამდე მივდივართ, პოლიტიკურ ეგოცენტრულობამდე. რელიგიური თემა. უცბად გამოჩნდა სისუსტეც, შიშიც, სიჯიუტეც, რომელიც დასაძლევია. ოღონდ ეს არ დაიძლევა აგრესიით და იძულებით. გასათვალისწინებელია რამდენი სასოწარკვეთილება, გამოსავლის ძიება და უიმედობის დაძლევის სურვილია სიჯიუტეში, რომ რელიგიური რიტუალის ხელშეუხებლობა შენარჩუნდეს, რაოდენი თავდადება და თავგანწირვაა ამ სიჯიუტეში. მეორე მხარეს კი - აგრესიული გმობა. ეს არ შველის. ერთადერთი გზა ისევ ეგოიზმის და ეგოცენტრულობის დაძლევაშია.

როგორც კი ერთმანეთზე ზრუნვა ჩაირთვება, ერთმანეთის გამოსწორების და მოდრეკის სურვილი განელდება, ყველაფერი დაიძრება მკვდარი წერტილიდან. პასუხისმგებლობის გრძნობა. პასუხისმგებლობა ახლობელზე, შორებელზე, ყველა გარშემო მყოფზე. ფიქრი იმაზე, როგორ არ დავაზიანოთ, რით ვუშველოთ, როგორ შევუმსუბუქოთ. რაც არ უნდა პარადოქსად გვეჩვენოს ეს არის საუკეთესო გზა საკუთარ თავზე ზრუნვისა. ესეა მთაშიც, ომშიც და ნებისმიერი კრიზისის დროს. საკუთარი თავი მაქსიმალურ ფორმაში უნდა გყავდეს, რომ სხვას არ გაუჭირვო და ბოლომდე უნდა მიხედო და მიეხმარო სხვას, რომ შენ არ გაგიჭირდეს. ჯერ კიდევ როდის თქვა შოთა რუსთაველმა - რასაცა გასცემ, შენია“, - წერს თორნიკე ბერიშვილი.