პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება - ვახტანგ გომელაური
პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება - ვახტანგ გომელაური

A+ A-

17:20 24/03/2020

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში დანაშაულის კლება შეინიშნება. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დანაშაულის კლება თავის მხრივ კორონავირუსის გამო, სამართალდამცველების გააქტიურებას უკავშირდება.

„მე ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობაზე 3 კვირის წინ გადავიდა და გაორმაგებულია პოლიციელთა რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება. ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება“,- განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტებთან საუბარში ქვეყნის პირველი სამართალდამცველი გუშინ, მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასაც შეეხო. გომელაურის განცხადებით, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება.

“როგორც იცით, ჩართულია როგორც შს სამინისტრო, ისე თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური. გაკეთდა გამშვები პუნქტები, დგას თავდაცვის სამინისტროს ძალები, შს სამინისტროს წარმომადგენლები, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, სახანძრო სამაშველო სამსახური. ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა, ჩემთვის საუბარი ნამდვილად მძიმეა. ადამიანებმა, რომლებზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღამის ორ საათზე ადგნენ, კარვები ჩატვირთეს იმისათვის, რომ მარნეულის მოსახლეობას დახმარებოდნენ მთელი ღამე იმუშავეს.

ინფორმაცია მომაწოდეს, რომ ბატონო მინისტრო, ყველაფერი დავალაგეთ, საწოლები გავშალეთ 100 კაცზე. შემდეგ კი მიდიან და რაც მოხდა ნახეთ, შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. ორი პიროვნება დავაკავეთ, კიდევ ვმუშაობთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ასეთი ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მარნეული, თბილისი, თელავი, ზუგდიდი თუ ბათუმი, მნიშვნელობა არ ექნება ეს იქნება შსს-ს თანამშრომელი, თავდაცვის, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი თუ ექიმი, ყველა დაისჯება უმაღლესი სიმკაცრით“,- განაცხადა გომელაურმა.

ცნობისათვის, გუშინ, მარნეულში სამართალდამცველების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ორი პირი დააკავეს.