ვენიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე უკვე ბრუნდება
ვენიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე უკვე ბრუნდება

A+ A-

14:17 26/03/2020

ვენიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე ბრუნდება. თბილისი-ვენა-თბილისის რეისს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებს. ეკიპაჟის წევრები სპეციალურად არიან დატრენინგებული და საგანგებოდ ეკიპირებული.

ყველა ჩამოსული მგზავრი სპეციალურ შემოწმებას გაივლის და კარანტინში გადავა. შემდეგი სპეცრეისი ევროპიდან 31 მარტს იგეგმება, მოქალაქეებს ამსტერდამიდან ჩამოიყვანენ.

დანარჩენი რეისები ასეთია:

3 აპრილი - შესრულდება რეისი თბილისი-ვარშავა- თბილისი;

7 აპრილი - შესრულდება რეისი თბილისი-ათენი- თბილისი;

10 აპრილი - შესრულდება რეისი თბილისი - ლარნაკა - თბილისი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თანამემამულეების დასახმარებლად, ყველა მოქალაქის აღრიცხვა მიმდინარეობს და მათ სამშობლოში ეტაპობრივად დააბრუნებენ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 77 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

"imedinews"