"ზუგდიდში მოსახლეობის თავშეყრამ ეპიდაფეთქების საშიშროება შექმნა" - ქვეყანა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების ზღვარზეა
"ზუგდიდში მოსახლეობის თავშეყრამ ეპიდაფეთქების საშიშროება შექმნა" - ქვეყანა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების ზღვარზეა

A+ A-

15:45 27/03/2020

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მიერ პირბადეების დარიგების ფაქტის გამო, საქართველოს ორი მუნიციპალიტეტის - მარნეულისა და ბოლნისისწითელ ზონადგამოცხადების შემდეგ,  ქვეყანა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების ზღვარზე იმყოფება.  

როგორც ”2020NEWS“-თან პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ განაცხადა, ზუგდიდში მოსახლეობის თავშეყრამ ეპიდაფეთქების საშიშროება შექმნა.

საუბარია, გუშინ, ზუგდიდში “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით განხორციელებული პირბადეების დარიგების პროცესზე, რამაც ხალხმრავლობა გამოიწვია.

“თუკი საქართველოში ეპიდაფეთქების საშიშროება იქნება, ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება. ზუგდიდში ადამიანების თავშეყრა და მოსახლეობის გარეთ გამოსვლა არასწორი იყო. იქ, ახლა, შესაძლოა, ვირუსის ეპიდაფეთქების საშიშროება შეიქმნას“, - აცხადებს კახაძე სააგენტოსთან.

საქართველოში “COVID-19“-ის მეოთხეული და შემდეგი შიდაგავრცელების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, ამიტომ დროის საკითხია, როდის მივა ქვეყანა ვირუსის მასიურ გავრცელებამდე.

კორკონავირუსის გავრცელების მხრივ, მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის მიერ ქვეყანაში პროცესები, ჯერჯერობით, კონტროლირებადია, თუმცა ვითარება, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს შეიცვალოს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, საქართველო საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისგან არცთუ ისე შორს იმყოფება.

„ზუგდიდის შემთხვევის გამო, შესაძლოა, უკვე დადგეს ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა.  მაშინ, როცა საქართველოში კონტროლირებადი ვითარების ჯაჭვი გაწყდება, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება“, -  განაცხადა კახაძემ.

ინფორმაციისთვის, ამ დროის მონცემებით, ქვეყანაში ვირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4 505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 257 პირი იმყოფება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე