საქართველოში კორონავირუსი ფართოდ, დაახლოებით, ორ კვირაში გავრცელდება - აკაკი ზოიძე
საქართველოში კორონავირუსი ფართოდ, დაახლოებით, ორ კვირაში გავრცელდება - აკაკი ზოიძე

A+ A-

10:56 30/03/2020
ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელება, დაახლოებით, ორ კვირაშია მოსალოდნელი. 
 
"ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი ტესტების სანდოობა სათანადოდ უნდა დადასტურდეს, სხვა შემთხვევაში, ასობით მოქალაქის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგება“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
 
მისივე თქმით, საქართველოს მიერ ჩინურ კომპანია “ბიო იზისთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ქვეყანამ ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან უკვე გააფორმა. 
 
აკაკი ზოიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტესტების ხარისხის სანდოობა დადასტურდეს. ესპანეთში დადგინდა, რომ ტესტებს  სანდოობა დაბალი - 30% იყო. შესაბამისად, ჩინურმა კომპანიამ  საკუთარი ტესტები უკან გაიწვია.

ჩემი ინფორაციით, საქართველომ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით, სხვა მწარმოებელთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

-ბატონო აკაკი, ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ  საქართველოში შემოტანილი ათასი ტესტი საეჭვო რეპუტაციის მქონე ჩინურ კომპანიას ეკუთვნის. რამდენად მაღალია ამ ტესტების სანდოობა?

-ჩემი ინფორმაციით, სანდოობა იმ ტესტებისა, რომლებიც საქართველოში უკვე შემოტანილია, მაღალია. ამ ახალი ტესტებით  პასუხები საათ-ნახევარშია ცნობილი, ნაცვლად, ოთხი-ხუთი საათისა.

საზოგადოებაში ტესტების ჩატარების გაფართოება საჭირო მას შემდეგ იქნება, რაც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა ფართოდ გაიზრდება, ეს გარდაუვალია. დაინფიცირებული ადამიანების ზრდა, დაახლოებით, ორ კვირაშია მოსალოდნელი.

ჩემი ინფორმაციით, გარკვეულ სტადიაზე შესაძლებელი იქნება, ანტისხეულზე დამყარებული ტესტებით მასიური გამოკვლევის ჩატარებაც, იმასთან დაკავშირებით, გადაიტანეს თუ არა ადამიანებმა კორონავირუსი.

-ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო სწრაფ ტესტებზე ფასების დადგენის პროცესშია. რა შემთხვევაში იქნება მოქალაქეებისთვის ტესტების ჩატარება  ფასიანი?

- იმ ტესტებს, რომლებსაც სახელმწიფო შემოიტანს, ხელისუფლება თავად დააფინანსებს. ხოლო იმ ტესტებზე, რომლებსაც კერძო სექტორი შემოიტანს, ფასები სახელმწიფოს მიერ იქნება დარეგულირებული, რათა ამ პროცესით ვიღაცამ ბოროტად არ ისარგებლოს.

მოქალაქეებს ვურჩევ, თუ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვთ და არც უცხოეთში უმოგზაურიათ, ტესტებს ნუ გაიკეთებენ

ინფორმაციისთვის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 18 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმშია  4 876 პირი. ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 ადამიანი.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე