სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებს შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან და არც ახალწვეულები არიან
სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებულ თანამშრომლებს შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან და არც ახალწვეულები არიან

A+ A-

01:06 31/03/2020

ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ "2020NEWS“-თან ინტერვიუში ვარაუდი გამოთქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის „COVID-19”-ით ინფიცირებული თანამშრომლები შესაძლოა, სამხედრო პირები და მეტიც ახალწვეულები იყვნენ.

მოგვიანებით, ექსპერტი სააგენტოს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მან თავისივე ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ინფიცირებული პირები სამხედროები არაღმოჩდნენ.

თავდაცვის სამინისტროში სააგენტოს განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება და სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ინფიცირებული თანამშრომლები არათუ სამხედროები არ არიან, მათ საერთოდ არ ჰქონიათ შეხება სხვა სამხედრო ნაწილებთან.

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ ქსელშიც აქვს განცხადება გავრცელებული. "2020NEWS“ ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები.

ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით.

იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, ის გარემოება რომ 12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზეა გადასული.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან. ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში”.

რედაქცია მოხარულია, თუ პანდემიის ფონზე, სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცთა და სხვა მოსამსახურე პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკაცრად კონტროლდება. ამ თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კი, ყველას ვალდებულებაა, მედიას თავიდანვე გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს.