ეკლესიის საქმეში ჩარევასა და კოვზებზე ლაპარაკს, ეშმაკისეულებმა და უღმერთო ადამიანებმა თავი დაანებონ - ზაზა პაპუაშვილი
ეკლესიის საქმეში ჩარევასა და კოვზებზე ლაპარაკს, ეშმაკისეულებმა და უღმერთო ადამიანებმა თავი დაანებონ - ზაზა პაპუაშვილი

A+ A-

12:04 31/03/2020

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი “2020NEWS“-თან  ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას დადებითად აფასებს. ის საზოგადობას  მოუწოდებს, კანონით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულოს, რათა ქვეყნის ეკონომიკას მინიმალური ზიანი მივაყენოთ.

“ღმერთმა ადამიანებს მოუწოდა, როგორც უნდა იცხოვრონ. ზოგმა მაინც კერპები ააშენა და მასზე ლოცულობდა. ღმერთს არ დაუჯერეს და.. ადამიანების მოდგმა ერთია, საქართველოში არსებული ვითარება ზოგს მეტად ესმის, ზოგს არ ესმის.

ეს კანონია (გულისხმობს საყოველთაო კარანტინს) და მისი აღსრულება აუცილებელია იმის გამო, რომ ქვეყანაში სიშვიდე შენარჩუნდეს, რადგან კარგად ვიცით, რა ეკონომიკის პატრონები ვართ და ყველაფერი თავზე არ ჩამოგვექცეს.

ღვთის წყალობით, გასაოცარი რაღაცა ხდება, არაჩვეულებრივი ურთიერთთანამშრომლობაა ეკლესიას, ხელისუფლებას, მედიცინის წარმომადგენლებსა და მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს შორის.

პროფესიონალები თავიანთ საქმესთნ არიან მიშვებულები. ხედავთ, ამან რა შედეგები მოიტანა?! ეს არის პატარა განსაცდელი, რომელსაც ჩვენი კულტურითა და შეგნებით მალე დავძლევთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი სააგენტოსთან საზოგადოების ნაწილს “უღმერთოებად“ და “ეშმაკისულად“ მოიხსენიებს და მათ მოუწოდებს, ეკლესიის საქმეებში არ ჩაერიონ.

რაც მოხდა იტალიაში, ესპანეთში და საფრანგეთში,  ეს გინდათ,  საქართველოში მოხდეს?! უცხოეთი პანაცეა არ არის. ჩვენი უმთავრესი ფიქრია ხალხი და ქვეყანა. ჩვენმა მედიკოსებმა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გარკვეულ პუნქტებში ცვლილებები შეიტანეს,  ეს ცვლილებები  რომ არ შეეტანათ, ყველაფერი  თავზე დაგვექცეოდა. უცხოეთიდან ყველაფრის ბრმად გადმოტანა არ შეიძლება.

ასე, რომ იმ და ამ ეკლესიაში რა ხდება, არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ჩვენს ეკლესიაში რა ხდება. ეკლესიის საქმეში ჩარევას და კოვზებზე ლაპარაკს ეშმაკისეულებმა და უღმერთო ადამიანებმა თავი დაანებონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.  

ინფორმაციისთვის,  დღეს  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. ასევე,  საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე კომენდანტის საათი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები საცხოვრებელ ადგილს გადაუდებელი საჭიროების გარეშე ვერ დატოვებენ.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე