თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსი" აკრძალეს
თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსი" აკრძალეს

A+ A-

15:25 31/03/2020

თურქმენეთის ხელისუფლებამ სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალა, მიზანს კი პანდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვა წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს.

გარდა ამისა, შეიძლება დააპატიმრონ მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში ნიღბებს ატარებენ და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შესახებ ლაპარაკობენ.

უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა. ის ამოიღეს აგრეთვე სპეციალური ბროშურებიდან, რომლებსაც თურქმენეთის ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს, საავადყოფოებსა და სამუშაო ადგილებს ურიგებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.