კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი, გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში დაკრძალვაზე იმყოფებოდა
კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი, გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში დაკრძალვაზე იმყოფებოდა

A+ A-

16:53 31/03/2020

პაციენტებს შორის, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ახალგაზრდა მამაკაციც არის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის და ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის განცხადებით, უკვე მოკვლეულია ყველა, რომელთანაც აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა კონტაქტი.

„მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა არ ცხოვრობს გურჯაანში, ის სოფელში გასვენებაში იყო ჩამოსული და შეხება ჰქონდა ადგილობრივებთან. ჩვენს მიერ გამოკვლეულია ყველა ის პირი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა“, – განაცხადა მარინა კაპანაძემ.

მისი თქმით, ახალგაზრდა სოფელში 12 დღის წინ იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი 12 დღის წინ იმყოფებოდა გასვენებაში, სადაც 20, მაქსიმუმ 25 ადამიანი იყო. ყველა მათგანი მოკვლეულია და სათანადო გამოკვლევებიც ჩაუტარდათ, არც ერთს არ აღენიშნება საეჭვო სიმპტომები“, – აცხადებს კაპანაძე.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, ინფიცირებულთან უფრო ახლო კონტაქტში მყოფებს, პრევენციის მიზნით 20 დღის ვადით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.

პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 110 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

წყარო: 1tv.ge