წირვა მრევლის გარეშე არ ჩატარდება, მაგრამ განიხილება ვარიაციები, როგორ უნდა ჩატარდეს - საპატრიარქოში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს
წირვა მრევლის გარეშე არ ჩატარდება, მაგრამ განიხილება ვარიაციები,  როგორ უნდა ჩატარდეს - საპატრიარქოში  საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს

A+ A-

17:51 31/03/2020

საპატრიარქოში მღვდელმსახურთა შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება მომავალი რეკომენდაციები, დამატებითი აკრძალვების პირობებში , როგორ უნდა ჩატარდეს ღვთისმსახურება.

აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული შეზღუდვების გამო, საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია პატრიარქ ილია მეორეს გუშინ, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ შეხვდა. აქამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და 10 კაცზე მეტის შეკრება იყო აკრძალული. მიუხედავად აკრძალვებისა და კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტებისა, ეკლესიები წირვა-ლოცვის ჩატარებასა და ერთი კოვზით ზიარებას ამ დრომდე აგრძელებდნენ.

ცოტა ხნის წინ საპატრიარქო დატოვა სასულიერო პირმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მუშაობს რეკომენდაციებზე , რა ფორმით შეიძლება დაემორჩილოს დაწესებულ შეზღუდვებს ეკლესია.

„დღის ბოლოს ან ხვალისთვის გამოქვეყნდება რეკომენდაციები, როგორ უნდა შესრულდეს. მრევლის გარეშე არ ჩატარდება, მაგრამ განიხილება ვარიაციები, როგორ ჩატარდეს წირვა", - ამბობს სასულიერო პირი.

სასულიერო პირების განცხადებით, მათთვის წარმოუდგენელია წირვის მრევლის გარეშე ჩატარება. ისინი თანახმა არიან, რომ ხალხმა დაიცვას დისტანცია.

„რაც ეკლესია არსებობს, მსგავსი არაფერი მომხდარა, რომ აღდგომის წინ წირვები არ ჩაეტარებინა, ან მრევლისთვის მოეწოდებინა, ეკლესიაში არ მოხვიდეთო. მე ვერ ვუშვებ, რომ ხალხის გარეშე ჩავატარებთ მსახურებას", - ამბობს მამა შალვა კეკელიძე.