კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა - ანტონიო გუტერეში
კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა - ანტონიო გუტერეში

A+ A-

11:01 01/04/2020

გაეროს გენერალური მდივანი კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ანტონიო გუტერეშმა გაეროს მიერ COVID 19-ის სოციო-ეკონომიკური გავლენის შესახებ ანგარიშის წარდგენაზე გააკეთა.

მისი თქმით, ვირუსს შესაძლოა ისეთი რეცესია მოჰყვეს, რომლის მსგავსიც ახლო წარსულში არ ყოფილა.

„COVID 19 უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების შემდეგ აღმოვჩნდით“, - განაცხადა გუტერეშმა.

მან მდიდარ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების დახმარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექცია ტყის ხანძარივით გავრცელდება. გაეროს ანგარიშით, პანდემიის შედეგად მსოფლიოში სამსახურს 24 მილიონამდე ადამიანი დაკარგავს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.