სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ, მსოფლიო გაიმარჯვებს - დიანა ბაგრატიონი
სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ, მსოფლიო გაიმარჯვებს - დიანა ბაგრატიონი

A+ A-

14:06 02/04/2020

არასდროს უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. მასთან დიალოგი ყოველთვის ამ სიტყვებით იწყება: „სხვებმა უნდა ილაპარაკონ“... და სხვებიც ლაპარაკობენ და მისი გაკეთებული საქმეებიც... ადამიანი, რომლის საყვარელი საქმიანობა ქველმოქმედება და ადამიანების დახმარებაა, დიანა ბაგრატიონია - „დიანა ბაგრატიონის ფონდის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი, რომელიც უკვე 12 წელია არსებობს.

დიანა ბაგრატიონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ნიუ იორკის მერიის თანამშრომელია, კულტურის დარგში. სექტემბერში ნიუ იორკში საქართველოს დღეების ჩატარებას გეგმავს. იმედი აქვს, რომ გრანდიოზული ღონისძიების ჩატარებას კორონავირუსის პანდემია ხელს ვერ შეუშლია. ახლა კი მისი ყოველდღიური საზრუნავი და საფიქრალი კორონავირუსით დაინფიცირებული თანამემამულეები და მათი დახმარებაა.

„ამჟამად ყველ მე-3 დღეს ვალანტიორად ვმუშაობ მერიაში, 24 საათიანი მორიგეობით - როგორც ამერიკის მოქალაქე. ამავე დროს ვცდილობ დავეხმარო ქართულ თემს, როგორც ინფორმაციულად, ისე ფინანსურად. დახმარება ბევრს სჭირდება, როგორც ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულებს.

მყავს მეგობრები - ექიმები, რომლებიც უანგაროდ უწევენ დახმარებას ყველას ტელეფონით, 24 საათის განმავლობაში. პანიკა საშინელებაა ადამიანისთვის - ასეთ დროს იმუნიტეტი ძალიან დაბლა იწევს და ორგანიზმი ამ საშინელ დაავადებას ვეღარ ებრძვის. აშშ-ს მთავრობამ 24-საათიანი ცხელი ხაზები შექმნა მოსახლეობის დასამშვიდებლად და სხვა საკითხების სწრაფად მოსაგვარებლად. ყველა ასეთ რეჟიმში მუშაობს, მეც ასეთ რეჟიმში მიწევს მუშაობა“, - ამბობს დიანა ბაგრატიონი „2020NEWS“-თან.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს კი, სრულიად უცნობ ადამიანებს უანგაროდ ეხმარება, რადგან ზუსტად იცის, რომ მხოლოდ ერთმანეთის გვერდით დგომა თუ გადაგვარჩენს ახლა. „კრიზისების მართვის საბჭო შექმნეს აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა - ინა ასანიძემ და ნიკოლოზ ჩხეიძემ. ყველა ქვეყანაში შეიქმნა ქართველების ჯგუფები და მათი დახმარებით, გასაჭირში ჩავარდნილ ჩვენს თანამოქალაქეებს ვეხმარებით, სრულიად უცნობ ადამიანებს, მაგრამ ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ადამიანი ნაცნობია თუ არა - ჩვენი თანამემამულეა, დახმარება სჭირდება და უნდა დავეხმაროთ“, - ამბობს დიანა ბაგრატიონი.

„მეკითხებიან საიდან? - მე გპასუხობთ - საკუთარი დანაზოგიდან! პანდემიაა და ადამიანებს ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, აბა რა უნდა ვქნა?! ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში, ვისაც არ აქვს და აქვს. არცერთი ქართველი არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ. ვეხმარები ამერიკის მოქალაქეებსაც.

24 საათიან რეჟიმში ვართ. მე და ჩემს გუნდს არ გვძინავს. ახლა ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. სხვათაშორის, თქვენი კოლეგა ლელა ნინუა, თავის ოჯახთან ერთად, გვერდში გვიდგას. მე ყველაფერს ვერ მოვასწრებ, ამიტომ მათი დახმარებით პროდუქტები შევიძინეთ და დავურიგეთ მოქალაქეებს. ამ დღეებშიც აქტიურობა გაათმაგდება. ეს ქართველების ღირსებაა - არასდროს არ დავდგეთ ჩრდილში და არ შევუშინდეთ პრობლემებს.  იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და მსოფლიო გაიმარჯვებს“, - ამბობს დიანა ბაგრატიონი.

დიანა ბაგრატიონის ფონდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, რომელიც კიბოთი დაავადებულ ბავშვებს ეხმარება საქართველოსა და შეერთებულ შტატებში. ფონდი მათ მკურნალობისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას უწევს. ორგანიზებას უკეთებს კონცერტებს და შემოსული თანხით ეწევა ქველმოქმედებას.

„სიცოცხლე ყველაფერია და მისთვის ყველაფერი ყველამ უნდა გავიღოთ“, - ამბობს დიანა ბაგრატიონი.

რაც შეეხება საქართველოს დღეებს, რომელიც სექტემბერში ნიუ იორკში უნდა ჩატარდეს: „ჩაფიქრებული გვაქვს სექტემბერში გრანდიოზულად ჩავატაროთ საქართველოს დღეები ნიუ იორკში. მემორანდუმი უკვე გაფორმებული გვაქვს საქართველოს მხარესთან. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და ამ ღონისძიების ისე ჩატარებას შევძლებთ, როგორც საჭიროა“, - ამბობს დიანა ბაგრატიონი, რომელიც საკუთარ მეუღლესთან, ვალერი კორტისთან ერთად (რომელიც მუსიკალური პროდიუსერია), ხშირად მართავს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტებს.

მათი ორგანიზებით ჩატარდა ნიუ იორკში ბარბარა სტრეიზანდის და ლარა ფაბიანის კონცერტები. ასევე, დიანა ბაგრატიონი მსოფლიო ლეგენდის Paul Mccartney-ის კონცერტების ორგანიზატორია.