ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა - გიორგი გახარია
ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა - გიორგი გახარია

A+ A-

14:37 04/04/2020

გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და მე იქ ახალი ვერაფერი ვნახე; ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღამეს არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა.

„პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის ძალაუფლების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია. არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.