კარანტინი არამარტო სიკვდილიანობას, არამედ პანდემიის უარყოფით შედეგებს ამცირებს
კარანტინი არამარტო სიკვდილიანობას, არამედ პანდემიის უარყოფით შედეგებს ამცირებს

A+ A-

19:24 05/04/2020

„გაანადგურებს თუ არა კარანტინი ბიზნესს და ეკონომიკას?“, - სტატიას ასეთი სათაურით BBC აქვეყნებს. მასში ამერიკის ცენტრალური ბანკისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომისტების კვლევის შედეგებია განხილული.

სპეციალისტები 100 წლის წინანდელი ესპანური გრიპის მაგალითზე ხსნიან თუ რა გავლენას ახდენს მკაცრი შეზღუდვები ბიზნესზე და რა განსხვავება იყო იმ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შორის, რომლებმაც კარანტინი სხვადასხვა დროს შემოიღეს. მაშინ პანდემიას 50 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოიგეს მათ, ვინც ეკონომიკის გადარჩენას მოსახლეობის გადარჩენა ამჯობინა. თავიდან ყველას ერთნაირად უჭირდა, მაგრამ პანდემიის დასრულების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს გაცილებით მალე დაუბრუნდნენ ის ქვეყნები, რომლებმაც კარანტინი თავიდანვე გამოაცხადეს, ადამიანებს შორის ფიზიკურ კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეს და ჰიგიენის ნორმები გაამკაცრეს.

„ქალაქებში, სადაც გადამწყვეტი და გადაუდებელი ზომები დაუყოვნებლივ მიიღეს, ბიზნეს საქმიანობა იმაზე მეტად არ შემცირებულა, ვიდრე სხვაგან. სამაგიეროდ, პანდემიის დასრულების შემდეგ ეს სფერო მალევე განვითარდა. აღმოჩნდა, რომ კარანტინი არამარტო სიკვდილიანობას, არამედ პანდემიის უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს ამცირებს“, - ნათქვამია ეკონომისტების წინასწარ დასკვნაში.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარანტინის შემოღების 10-დღიან განსხვავებას ეპიდემიის შემდგომ პერიოდში მრეწველობაში დასაქმების 5%-იანი ზრდა მოჰყვა. შეზღუდვების დამატებითმა 50-მა დღემ კი სამუშაო ადგილების 6.5%-იანი ზრდა გამოიწვია.

შესაბამისად, ადამიანის და ეკონომიკის გადარჩენა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, - თვლიან მეცნიერები და აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის გადარჩენა მომავალი ეკონომიკური აქტივობის საწინდარია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.