ექსკლუზივი - "დედამიწამ კაცობრიობას პაუზა გააკეთებინა და უთხრა, საკუთარ შეცდომებზე ისწავლეო" - რა მოხდება პოსტკოვიდურ ეპოქაში?!
ექსკლუზივი - "დედამიწამ კაცობრიობას პაუზა გააკეთებინა და უთხრა, საკუთარ შეცდომებზე ისწავლეო" - რა მოხდება პოსტკოვიდურ ეპოქაში?!

A+ A-

17:36 07/04/2020

ახალმა რესპირატორულმა ვირუსმა, COVID 19-მა მთელი მსოფლიო მოიცვა. ვირუსმა გააჩერა და დააპაუზა მსოფლიო ეკონომიკა, სახელმწიფოები კრიზისის ქვაკუთხედში მოაქცია, ჯანდაცვის სისტემებს ფუნდამენტურად შეირყა და სამყარო თითქმის, ჩინური ვირუსის კოლაფსში აღმოჩნდა.

მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საინტერესოა რა გავლენას ახდენს კორონავირუსი, როგორც უხილავი მტერი ჩვენს გარემოზე, ეკოლოგიაზე და მისცა თუ არა ვირუსის რამდენიმეთვიანმა ციკლმა დედამიწას „ამოსუნთქვის“ საშუალება.

ამ და სხვა საინტერესო თემებზე “2020NEWS” „დედამიწის მეგობრობის“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს ესაუბრა.

დედამიწის Time Out  – „დედამიწამ კაცობრიობას პაუზა გააკეთებინა და უთხრა, რომ საკუთარ შეცდომაზე ისწავლე“

როგორც გარემოსდამცველი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა, რაც კორონავირუსის გამო, მსოფლიო ერთგვარად „დაპაუზდა“, დედამიწა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ამ ეკოლოგიური პრობლემების დასაძლევად ეს პერიოდი საკმარისი არ არის.

„პირდაპირ ვამბობ, რომ დედამიწისთვის ეს საკმარისი არ არის, რადგან იმდენად სერიოზული პრობლემები ჰქონდა და იმდენად ცუდი პროგნოზები იყო, რომ 3 ან 4 თვე დედამიწისთვის საკმარისი არ არის.
ჩვენ უბრალოდ ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ დედამიწამ კაცობრიობას პაუზა გააკეთებინა და უთხრა, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლე.

მაგალითისთვის, ენერგეტიკის მოხმარება გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის რიგ ქვეყნებში მკვეთრად შემცირდა, იმიტომ, რომ საწარმოები და ეკონომიკის კონკრეტული სფეროები გაჩერებულია. მანამდე კი მოხმარება მაღალი იყო.

ელექტროენერგიის მიღება ბუნებრივი წიაღისეულიდან ხდება. დღეს მთელ მსოფლიოში ითვლება, რომ მსოფლიო წიაღისეული საწვავიდან სხვა საწვავზე უნდა გადავიდეს, რათა გარემო აღარ დავაბინძუროთ.

ისე ჩვენთან კი, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება უმნიშვნელოა, ეს სადღაც 17% პროცენტია. საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელი მოსახლეობა აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზულად განვითარებული ეკონომიკური სექტორი არ გვქონია“, - განაცხადა ჩხობაძე.

ბიზნესი თუ ეკოლოგია?! პოსტკოვიდ გამოწვევები - შემცირდა თუ არა დედამიწაზე ზემოქმედება?

კორონავირუსის გამო, გარემოსდამცველები და ეკოლოგები აქტიურად საუბრობენ,რომ დედამიწაზე ზემოქმედება შემცირდა.

სხვადასხვა გავლენიან მედიასაშუალებებში მკვლევარები გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დედამიწის სეისმური ხმაური 3-ჯერ უკეთესად ისმის, რაც დედამიწის მოსახლეობა სახლებში შეიკეტა და ამის გამო, შესაძლებელი გახდა მთელი რიგი სეისმური მოვლენების მონიტორინგი.

როგორც “2020NEWS”-თან ჩხობაძე აცხადებს, ჯერჯერობით, ეს ყოველივე პირველადი შეფასებებია და გარემოსდამცველებს ზუსტად, ბოლომდე არ აქვთ შესწავლილი ის ფაქტორები, რაც კორონავირუსმა გამოიწვია.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, იყოს გარემოს დაბინძურების ის მაღალი მაჩვენებლი, რაც მთელ მსოფლიოშია და რამაც თავის მხრივ კლიმატის ცვლილებები გამოიწვია.

„მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერჯერობით, არავინ არაფერი იცის, რადგან გავლენები ბოლოდე შესწავლილი და შეფასებული არ არის. ეს არის პირველადი შეფასებები. ჩვენ ზუსტი ინფორმაციები არ გვაქვს.

N1. ჩვენ, გარემოსდამცველები არ ვფიქრობთ, რომ დედამიწა უკვე სრულად გაიწმინდა და სუფთა გახდა.

საქმე ეგრე არ არის, რადგან როგორც კი კოვიდ 19-ის პრობლემა აღმოიფხვრება, ისევ ამუშავდება და ამოქმედდება ყველაფერი. ისევ იქნება დაბინძურება და შესაძლებელია, უფრო მძაფრადაც მოხდეს გარემოზე ზემოქმედება.

ბიზნესი მაქსიმალურად შეეცდება დაკარგული აინაზღაუროს. ეს არის ერთი ხედვა, რომელიც არსებობს.

N2.მეორე შეფასება ის არის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ეკონომიკა, რომელიც პანდემიის შემდეგ ქვეყნებში უნდა განვითარდეს უნდა იყოს, გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნებისკენ ორიენტირებული. ამასთანავე, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მთელი რიგი ღონისძიებები გამკაცრებული უნდა იყოს, რადგან თუ რამ გამოიწვია პანდემია და ეს კატასტროფა ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, გარემოს დაბიძურების ის მაღალი მაჩვენებელი იყოს, რამაც თავის მხრივ კლიმატის ცვლილებასაც ხელი შეუწყო.

ჯერჯერობით ეს ყოველივე ძალიან ზედაპირული შეფასებაა, იმიტომ, რომ კორონავირუსის შედეგები ბოლომდე შესწავლი და შეფასებული არ არის. ზუსტად არ არის განსაზღვრული, კოვიდმა ჩვენ ეკონომიკაზე რა გავლენა იქონია.

N3.ჩვენ, გარემოსდამცველებს გვინდა, რომ ეს შეფასებები ისე გაკეთდეს, პირველი ქვაკუთხედი იყოს არა - ბიზნესი, არამედ - ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და ყოფა.

ეკონომიკა ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანზე . მთავრობებმა მარტო კაპიტალისტებს უფრო სწორედ კი, მულტინაციონალურ კომპანიებს არ უნდა გაუკეთონ კომპენსაცია, რასაც ახლა ითხოვენ, არამედ , პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ“, - განაცხადა გარემოსდამცველმა.

საქართველო და „COVID- 19 “

სააგენტოსთან საუბარში „დედამიწის მეგობრობის“ თავმჯდომარემ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გავლენებზე, რასაც ახალი კორონავირუსი ქართულ რეალობაზე ახდენს.
ჩხობაძის თქმით, ქვეყანას ეძლევა საშუალება, რომ ეკონომიკა უფრო მეტად გარემოსა და ეკოლოგიაზე მორგებულად „გადააწყოს“.

"საქართველოს ყველაზე საინტერესო პოზიცია უჭირავს, იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანას უფრო მეტი შანსი აქვს საკუთარი ეკონომიკა ნეო-ლიბერალისტული მიდგომებიდან, პირდაპირ მდგარი განვითარების მიდგომებისაკენ გადააწყოს.

ეკონომიკა ადამიანისკენ და მოსახლეობისკენ გახდეს ორიენტირებული. ეს არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკის გაძლიერება.

პოსტკოვიდური ეკონომიკა საქართველოში სხვანაირი უნდა იყოს. ჯერ ზუსტად ვერავინ იტყვის თუ როგორი უნდა იყოს. თუმცა, ახლა არის დრო, აქტიურად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ რასაც აქამდე ვაკეთებდით - დიდი მშენებლობები და სხვა მიმართულებები, გარემოს ძალიან აზიანებს და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. საქმეებს სხვანაირად უნდა მივხედოთ. სხვა ინვესტიციები უნდა განხორციელდეს და სხვა პაკეტები უნდა შეიქმნას.

კოვიდის ფარგლებში ჩვენ კარგად გავიგეთ, რომ ამ უხილავმა ვირუსმა, რომელსაც ჩვენი თვალითაც ვერ ვხედავთ, ყველაფერი გააჩერა და ბაზრები ჩაკეტა. ვერ შემოვიდა პროდუქცია და პრობლემები შეიქმნა.

ჩვენ უფრო მეტად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ სოფლის მეურნებობის განვითარებაზე .

აგრეთვე, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ უნდა გადაიხედოს უსაფრთხოების კონცეფციაზეც.

საქართველოში არა მარტო გარე საფრთხეებზე უნდა ვისაუბროთ, არამედ, ასეთი პატარა ვირუსებისგან გამოწვეულ დიდ საფრთხეებზეც. თუმცა საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციაში მსგავსი არაფერი არ წერია. უფრო სწორედ კი, ასეთ შემთხვევებში რა უნდა მოვიმოქმედოთ, არ არის გაშლილი.

ჩვენი - „მწვანე მოძრაობის“ აზრით, სახელმწიფოს ინსტიტუციონალური მოწყობაც კი უნდა გადაიხედოს. ხომ არ დადგა დრო, რომ ჩვენ უფრო ძლიერი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები გვქონდეს?! ყველაფერ ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ მანამდე მსოფლიოს არ ჰქონდა მაგალითები მდგრადი განვითარებისა და ლიბერტანისტული მიდგომებიდან გადახვევის, დღეს ასეთი მაგალითები მსოფლიოში არსებობენ.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს არის ყველაზე კარგი დრო, რათა საქართველო მთლიანად მდგრადი განვითარების მიდგომებზე გადაეწყოს.

მარტივ რაღაცეებს, რასაც ჩვენ ვხედავთ, იგივე ტრანსპორტის მოძრაობას, დიდი ზიანი მოაქვს. ქალაქებში სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა აეწყოს.

ჩვენ გვესმის, რომ რაც უფრო ნაკლები ტრანსპორტი მოძრაობს, მით უფრო ნაკლებად ხდება გარემოს დაბინძურება და ეს თბილისის მაგალითზეც დავინახეთ, საგანგებო მდგომარეობის დროს, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლი შემცირდა, თოვლი მოვიდა.

იქნებ იმაზე ვიფიქროთ, რომ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ხელახლა დამუშავდეს თავიდან ბოლომდე. ამისთვის რამდენიმე ინდიკატორი არსებობს:

ა) უპირველესად, დაბრკოლებები არ უნდა იყოს ქალაქში მოძრაობისას;

ბ) ასევე უნდა არსებობდეს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც კარგად იქნება განვითარებული და მთელი ძალისხმევა მათი გაძლიერებისკენ უნდა წავიდეს, რომ აღარ ამოქმედდეს ინდივიდუალური ტრანსპორტით გადაადგილების საჭიროება;

გ) გამწვანების პროცესები უნდა გაგრძელდეს მეტი მასშტაბით;

თუმცა, სამწუხაროდ ჩვენ ამ სეზონს ვტოვებთ და ვერ ვრგავთ ნარგავებს ისეთი მასშტაბებით, როგორც ადრე. თითოეული ადამიანი თავის თავში უნდა დაფიქრდეს, რა შეუძლია, რომ თვითონ გააკეთოს, მაგალითად: თვითონ დაალაგოს, დაასუფთაოს.

ჩვენ ურბანულ დასახლებებში სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.“, - განაცხადა ჩხობაძემ.

ჩერნობილი - მორიგი საფრთხე ეკოლოგიისთვის

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩერნობილში ტყის ხანძრების შემდეგ რადიაციის დონემ მკვთრად იმატა, რამაც, ცალსახად, ახალი ეკოლოგიური კრიზისის საფრთხე შექმნა.

როგორც “ 2020NEWS”-ს ნინო ჩხობაძემ განუცხადა, ჩერნობილი, წლების წინ მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, დღემდე რჩება მაღალი რადიოაქტიული რისკის ზონად და რადიაციის ფონი იქ მაღალია.

მისი თქმით, ტყის ხანძრების შემდეგ, რადიაციის დონის მატება უკავშირდება იმას, რომ რადიაცია იმ აკუმულირებული იყო მცენარეებშიც , რომლებიც ხანძრის დროს დაიწვა, ამიტომაც ამ რისკ-ფაქტორების ზრდა შესაძლებელი გახდა.

„სავარაუდოდ, ჩერნობილში რადიაციის დონის მომატება შესაძლებელია, რადგან იქ იმ მცენარეებშიცაა რადიცია აკმულირებული და შესაძლებელია, რომ ხანძრის დროს რადიაციის მკვეთრად ზრდა მოხდა. ზოგადად იქ, რადიაციის დონე ძალიან მაღალია“, - განახადა ჩხობაძემ.

კლიმატის ცვლილება და ცხელი ზაფხული

ეკოლოგების აზრით, მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. შესაძლოა, რომ წინ ცხელი ზაფხული და კლიმატის ცვლილებები გველოდეს.

ნინო ჩხობაძის აზრით, ჯერჯერობით ნაადრევია რამის თქმა, რადგან გარემოსდამცველები ჯერ კიდევ სექტემბერში ელოდნენ აპრილში წვიმიან სეზონს.

„ჩვენ სექტემბრიდან მოყოლებული ველოდებიდით აპრილს, რათა წვიმიანი სეზონი გვქონოდა და ახლა ძლივს მოვიდა წვიმა. ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა გარემოსდამცველმა.

ანა ქორჩილავა