დღის ბოლოსთვის, ლენტეხის გამო, შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის წესები გამკაცრდეს
დღის ბოლოსთვის, ლენტეხის გამო, შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის წესები გამკაცრდეს

A+ A-

13:47 09/04/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.

„ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით, ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმითვე, შესაძლოა, ხელისუფლებამ  მთელი ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება და არა - ცალკეული რეგიონების ნაწილში.

„ჩვენ ველოდებით ჯერ საბოლოო ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. თუმცა, უკვე ისიც უნდა შევამჩნიოთ, რომ ქვეყანაში რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება. ეს გასათვალისწინებელია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოში, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ით ქვეყანაში 214 ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.