ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი "წიგნიერი" წიგნიერ მოსწავლეებს ელოდება
ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი "წიგნიერი" წიგნიერ მოსწავლეებს ელოდება

A+ A-

14:23 14/04/2020

ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!- ვცოცხლობთ, ესე იგი ვაზროვნებთ. მაპატიოს დეკარტემ ეს პერეფრაზირება - Cogito ergo sum - ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ. სწორედ აზროვნების, ანალიზის და შემდეგ ნააზრევის გადმოცემის უნარების გააქტიურებას და წარმოჩენას ემსახურება ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი“.

მოსწავლეებისათვის განკუთვნილმა ლიტერატურულმა კონკურსმა 5 წლის მანძილზე საქართველოს რამდენიმე დიდი ქალაქი მოიცვა. წელს კი, მსოფლიო პანდემიის გამო, კონკურსიც დროსა და ჟამს მოერგო და ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ამ ახალმა გარემოებამ კი, თავის მხრივ, „წიგნიერის“ გეოგრაფია გააფართოვა და 2020-ის კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ემიგრანტებსაც მიეცათ.

საკუთარი შესაძლებლობების არაორდინალურ პირობებში გამოცდის მსურველებმა 20 აპრილამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ბლანკი (კონკურსის პირობები თებერვალში გამოცხადდა) შემდეგ უნდა მოძებნონ და წაიკითხონ კონკურსისათვის შერჩეული სამი ნაწარმოები: ედუარდ ჰეილის „უსამშობლო კაცი“, მალალა იუსუფზაის „მე ვარ მალალა“ და ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“.

მითითებული ნაწარმოებები მართლა საძებარი რომ არ გამხდარიყო, ამაში პროექტს დაეხმარნენ ელექტრონული წიგნის სახლი „საბა“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. მათი კეთილი ნებით, საკონკურსო ნაწარმოებებს „წიგნიერის“ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

ამ მართლაც განსხვავებული სპეციფიკის ლიტერატურული კონკურსის სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი ორგანიზატორი ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი ელენე თურქაძე გახლავთ, რომელმაც განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამ ვითარებაში კონკურსის ჩატარებაში ქალბატონი თინა მამულაშვილის („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“) და „ელექტრონული წიგნის სახლი საბას“ ღვაწლი.

წინა წლების „წიგნიერიც“ ელექტრონული წიგნის სახლი „საბას“ და „თიბისის“ მხარდაჭერით ჩატარდა. „თიბისი“ ახლაც გვერდში უდგას „წიგნიერს“ და გამარჯვებულებს მრავალფეროვან საჩუქრებს პირდება. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს, რომლის უცვლელ წევრად რჩება მწერალი გიორგი კეკელიძე;

მასთან ერთად სხვადასხვა წლებში გამარჯვებულის გამოსავლენად მუშაობდნენ დათო რობაქიძე, გაგა ნახუცრიშვილი, ზაალ ჩხეიძე, ემზარ ჯგერენაია და გიორგი საბანაძე. როგორც ელენე თურქაძემ განმარტა, ჟიურის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს მონაწილეთა სიმრავლე.

დღეისათვის ოთხმოცზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მათთვის, ვისაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი გაგიჩნდათ ვაქვეყნებ „წიგნიერის“ პირობებს: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი", კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მთლიანად ცვლის ფორმატს.

კონკურსი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ IX, X და XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, ვინც სარეგისტრაციო ბლანკს შეავსებს.

აქამდე კონკურსის გეოგრაფია შემოსაზღვრული იყო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა /National Library of Georgia -ის პროექტი "წიგნიერი" წელს მეექვსედ ჩატარდება. კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლ "საბასა" და თიბისის მხარდაჭერით იმართება - TBC - თიბისი ელექტრონული წიგნების სახლი საბა . მონაწილეებს სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა დაევალებათ. წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები შეირჩა.

ესენია: ედუარდ ჰეილის "უსამშობლო კაცი", მალალა იუსაფზაის "მე ვარ მალალა", ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური". კონკურსის მონაწილეებმა ეს ნაწარმოებები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.

"წიგნიერის" სამ გამარჯვებულს „თიბისი“, ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" და სხვადასხვა გამომცემლობები დაასაჩუქრებენ.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 2020 წლის 20 აპრილამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი. თემის სათაური გამოცხადდება „წიგნიერის" ფეისბუკგვერდზე ფეისბუკლაივით.

კონკურსანტებმა თემის სათაურის გამოცხადებიდან 4 საათში უნდა გამოაგზავნონ ესე ელექტრონულ მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. კონკურსის დაწყების დროსა და სხვა დეტალებს გაეცნობით „წიგნიერის" ფეისბუკგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიწეროთ ამავე გვერდს. ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ ელექტრონულ მისამართზე, რომელსაც სარეგისტრაციო ბლანკში მიუთითებთ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს. მონაწილეებს წარმატებებს და „წიგნიერს“ საერთაშორისო ასპარეზს გისურვებთ!