ადამიანთან ზედმეტად ახლო კონტაქტი თუ არ მექნება, არ გადავეხვევი და ცხვირთან არ დავუდგები, ვირუსი რატომ გადამედება?! - მეუფე დიმიტრი
ადამიანთან ზედმეტად ახლო კონტაქტი თუ არ მექნება, არ გადავეხვევი და ცხვირთან არ დავუდგები, ვირუსი რატომ გადამედება?! - მეუფე დიმიტრი

A+ A-

15:01 17/04/2020

გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მღვდელმსახურები მორწმუნეებს აღდგომის ღამეს ტაძარში ელოდებიან.

რატომ არ თმობს ეკლესია საკუთარ პოზიციებს მაშინ, როდესაც კორონავირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე უკვე ძალიან გაიზარდა და რატომ ხდება ადამიანების სულიერად მასაზრდოებელი ინსტიტუცია კანონდამრღვევი?!

ამ და სხვა საკითხების შესახებ “2020NEWS“-თან ინტერვიუში ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი საუბრობს.

მეუფე დიმიტრი: ვფიქრობ, რომ საპატრიარქომ აღდგომის ღამეს წირვის ჩატარებასთან დაკავშირებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. იმ ადამიანებს, რომლებსაც ტაძარში მისვლის სურვილი აქვთ, ვერ ვეტყვით, რომ ტაძარში არ მოხვიდეთ და მსახურებას არ დაესწროთ. მრეველი ტაძარში მოვა 9 საათამდე, ანუ მანამდე, სანამ კომენდანტის საათი ამოქმედდება და ტაძრიდან წავა 6 საათის შემდეგ, როცა კომენდანტის საათი დასრულდება.

-მეუფე დიმიტრი, ერთ-ერთი მეუფის ქადაგების პათოსს - “კორონავირუსი ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზია“ და რომ “მთავარი უნდა იყოს პატრიარქის და არა ურწმუნო მთავრობისა და ექიმების” მოწოდება, თქვენც იზიარებთ?

- ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს უნდა დავუჯეროთ იმ საკითხში, რაშიც ისინი კომპეტენტურები არიან. იმ საკითხში, რაშიც უწმინდესია კომპეტენტური, უწმინდესს უნდა დავუჯროთ.

-კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ვინ უფრო კომპეტენტურია?

- ვერ გეტყვით. ამ პრობლემის სულიერ მხარეზე უფრო კომპეტენტურია უწმინდესი, ხორციელის თვალსაზრისით კი - ექიმები.

- სულიერ მხარეზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ხომ ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზეა საუბარი. ქმნის თუ არა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს ეკლესიაში თავყრილობა?

-იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ და ერთმანეთს გავუფრთხილდებით, მრევლის ტაძარში მისვლა საფრთხის შემცველი არ იქნება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ვირუსი ეკლესიაშიც გავრცელდეს, რადგან არც ერთი არეალი არის დაცული. თუ წესებს არ დავიცავთ, კორონავირუსი ყველგან - ეკლესიაში, მაღაზიებში, საავადმყოფეობში და ქუჩაშიც გავრცელდება.

მრევლმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა ტაძარში ღამისთევით მოვიდეს. ეკლესიისგან არის მოწოდება, რომ რისკჯგუფში მყოფი ადამიანები, ბავშვები და მოხუცები სახლში უნდა დარჩნენ. მეც იგივეს გავიმეორებ, ასეთი ადამიანები სახლში დარჩნენ. იმ ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ტაძარში მოვიდნენ, მათ ამ უფლებას ვერასდროს შევუზღუდავ.

- ტაძარში კორონავირუსით დაინფიცირებული უსიმპტომო ადამიანი რომ მოვიდეს, ფიქრობთ, რომ ვირუსი თავად არ გადაგედებათ?

- იმ შემთხვევაში, თუ მე ამ ადამიანთან ზედმეტად ახლო კონტაქტი არ მექნება, მას არ გადავეხვევი, არ გადავკოცნი და მაინც და მაინც ცხვირთან არ დავუდგები, რატომ გადამედება?!

- ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე, რატომ არ ემორჩილება საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტიის საათის კანონს? ღამის 9 საათიდან დილის 6 საათამდე მრველის ტაძარში შეკრება კანონდარღვევას გამოიწვევს.

- არ ვთვლი, რომ ტაძარში ხალხის მისვლა კომენდანტის საათის დარღვევას გამოიწვევს. იგივე სუპერმარკეტებში, საბანკო დაწესებულებებში, ტელევიზიებში სამზე მეტი ადამიანი იკრიბებით და თქვენ არ არღვევთ კანონს?!

თქვენი აზრით, მარტო ეკლესიის წარმომადგენლები არღვევან კანონს?! ერთმანეთთან დისტანციის დაცვა და კანონებს დამორჩილება ეკლესიის წევრებს, სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელსა და რიგით მოქალაქეებს ერთნაიარად გვევალება.

რატომ ხდება აპელირება მაინც და მაინც ეკლესიაზე, ვერ ვხვდები. ხუთი-ექვსი ადამიანი სუპერმარკეტში შეიკრიბება თუ ეკლესიაში, რა განსხვავებაა?!

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე