უკრაინაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ვაუჩერები გადაეცათ
უკრაინაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ვაუჩერები გადაეცათ

A+ A-

21:08 29/04/2020

უკრაინაში, საბერძნეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასურსათო ქსელ „სპარის“ ვაუჩერები გადაეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამჯერად, უკრაინაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ, ქალაქ კიევში, კიევის ოლქში და დასავლეთ უკრაინაში დროებით მცხოვრებ საქართველოს 23 მოქალაქეს, მათ შორის სტუდენტებს, ოჯახებს მცირეწლოვანი შვილებით, შექმნილი მდგომარეობის გამო უსახსროდ დარჩენილ პირებს, რომლებიც არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეები, გადაეცათ საერთაშორისო სასურსათო მაღაზიათა ქსელ SPAR-ის სურსათის ვაუჩერები. ასევე, უკრაინის ქალაქ დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ, ქალაქ ხარკოვში მყოფ საქართველოს 29 მოქალაქეს გადასცა ვაუჩერები.

23 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს კონსულმა მარიამ წერეთელმა, სასურსათო ვაუჩერები გადასცა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ საქართველოს 8 მოქალაქეს. გარდა ამისა, ქალაქ ათენში საქართველოს საკონსულო სამსახურის მხრიდან აღნიშნული ვაუჩერები გადაეცა ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს ათენში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„წინასააღდგომოდ, საბერძნეთში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრთან თანამშრომლობით, 17 და 18 აპრილს სასურსათო ქსელ ,SPAR-ის ვაუჩერების საშუალებით 247 ბენეფიციარი უზრუნველყო საკვები პროდუქტებით.

აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „SPAR საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ითვალისწინებს ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის SPAR-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას.

"SPAR საქართველოს" საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე “SPAR INTERNATIONAL”-ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, “SPAR INTERNATIONAL"-ის დახმარებით, მოკლე დროში მოხერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი აქციის ორგანიზება. “SPAR INTERNATIONAL“-ის ბრენდი საქართველოს გარდა მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 ათასზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობის საგანგებო, 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ამ დრომდე საცხოვრებლით, საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით ათასობით მოქალაქეს გაეწია დახმარება“- აცხადებენ საგარეო უწყებაში.