საქართველოს მასშტაბით, დღეისთვის 47 ბაზარი მუშაობს
საქართველოს მასშტაბით, დღეისთვის 47 ბაზარი მუშაობს

A+ A-

12:51 06/05/2020

საქართველოს მასშტაბით, დღეისთვის 47 ბაზარი მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ბასილაძე განცხადებით, 47-ვე ბაზარს შესაბამისი რეკომენდაციები გაეწია.

„ჩვენი ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს როგორც ამ გახსნილ 47 ბაზარში, ასევე იმ დარჩენილ ბაზრებში, რომელთაც ჯერჯერობით ჩვენთვის არ მოუმართავთ და დარჩენილი აქვთ რეკომენდაციების შესრულების ნაწილი. ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის რეკომენდაციებზეა დაყრდნობილი და მნიშვნელოვანია, რომ მოვაჭრეები აღჭურვილი იყვნენ პირბადეებით, ხელთათმანებით, მათ სამუშაოს დაწყებამდე გავლილი უნდა ჰქონდეთ თერმოსკრინინგი. ეს ყველაფერი ჩანაწერების სახით უნდა იყოს დაფიქსირებული დირექციის მიერ. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, როგორც მომხმარებლებში, ასევე მოვაჭრეებში“, – აცხადებს ვასილ ბასილაძე.

მისივე თქმით, ბაზარში პირების შესვლასა და გამოსვლას გააკონტროლებენ როგორც ბაზრის ადმინისტრაცია, ასევე მოვაჭრეები.

„ეს მათი მოვალეობა და სამოქალაქო ვალდებულებაა. თუ ბაზრის ადმინისტრაცია მენეჯმენტს სწორად მომართავს, მარტივი შესასრულებელი უნდა იყოს ეს რეკომენდაციები. იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები და წესები დაირღვევა, კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციებს, რაც საკმაოდ დიდია. საჯარიმო სანქციები არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ გავაფრთხილებთ ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ, რომ დაიცვან რეკომენდაციები“, – განაცხადა ბასილაძემ.