ქართული რკინიგზის რუსული კონტრაქტი
ქართული რკინიგზის რუსული კონტრაქტი

A+ A-

10:25 08/05/2020

1 მაისს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე აიტვირთა დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ “საქართველოს რკინიგზამ” რუსული კომპანიისგან, რომელიც ძირითადად რუსულ სახელმწიფო დაკვეთებს ასრულებს, მნიშვნელოვანი შესყიდვა გააფორმა.

“საქართველოს რკინიგზამ” კომპანიისგან, რომელიც რუსულ სახელმწიფო საწარმოებს ემსახურება, სპეციფიკური სამედიცინო ტექნიკა შეიძინა. ამ მოწყობილობის მეშვეობით „საქართველოს რკინიგზა“ ყოველდღიურად შეამოწმებს ათეულობით საკვანძო თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამ მონაცემებს ავტომატურად შეინახავს საერთო სერვერზე.

რუსული კომპანიის ინჟინრებმა ტექნიკა თავად დაამონტაჟეს რკინიგზის რამდენიმე ობიექტზე, გამართეს პროგრამულად და გადაამზადეს ქართველი სპეციალისტები.

რკინიგზის ამ გადაწყვეტილებით, სისტემა მთლიანად რუსულ ტექნიკაზე აეწყო. ახლა უკვე მისი მომსახურება მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ამ კომპანიასთან თანამშრომლობით მოხდება.

შესყიდვა ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით მოხდა, ხელშეკრულება “საქართველოს რკინიგზასა” და “სამეცნიერო კვლევით საწარმო სისტემურ ტექნოლოგიებს” შორის 2019 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა.

რა აპარატურა იყიდა საქართველოს რკინიგზამ

რუსული კომპანიისგან რკინიგზამ 61 000 დოლარად 4 კომპლექტი „რეისისწინა სამედიცინო შემოწმების ავტომატიზებული სისტემა“ (АСПО) შეიძინა, სისტემა მუშაობს რუსი ინჟინრების მიერ შექმნილ აპარატ „КАПД-02-СТ“-ის ბაზაზე.

ამ მოწყობილობით „საქართველოს რკინიგზის“ მემანქანეები, თანაშემწეები და ინსტრუქტორები ყოველდღიურ სამედიცინო შემოწმებას გადიან.

მოწყობილობა ამოწმებს თანამშრომლის

  • არტერიულ წნევას
  • ტემპერატურას
  • პულსს
  • სხეულში ეთანოლის (ალკოჰოლის) დონეს და კიდევ რამდენიმე პარამეტრს.

მხოლოდ ამ შემოწმების შემდეგ ეძლევა მემანქანეს მატარებლის შემადგენლობის მართვის უფლება.

"თუ რომელიმე პარამეტრი ნორმას არ შეესაბამება, რეისიდან გხსნიან და სხვა მემანქანე განაცვლებს. მონაცემები ჩვენი დეპოდან  ეგზავნება დეპარტამენტს."- დეპოს მემანქანე ზვიად მუმლაძე

“ყოველი გასვლის წინ მემანქანეც და თანაშემწეც მოწმდება. გვამაგრებენ მკლავსა და თითზე სენსორებს, რომელიც აპარატზეა მიერთებული. აპარატი კომპიუტერს უკავშირდება, ზომავს წნევას, პულსს და ეკრანზე გამოაქვს მონაცემები. ადრე ალკოჰოლის დონესაც ზომავდა, თუმცა მოიშალა და ერთჯერადი ტესტერები იყიდეს. თუ რომელიმე პარამეტრი ნორმას არ შეესაბამება, რეისიდან გხსნიან და სხვა მემანქანე განაცვლებს. რამდენადაც მე ვიცი, მონაცემები ჩვენი დეპოდან ეგზავნება დეპარტამენტს. იქ ინახება თუ არა, ეს აღარ ვიცი. როცა ფუჭდება, აქ ვერ აკეთებენ და ჩამოჰყავთ ვიღაცა რუსეთიდან თუ უკრაინიდან, ზუსტად არ ვიცი”, - უხსნის რადიო თავისუფლებას „რეისისწინა სამედიცინო შემოწმების ავტომატიზებული სისტემის“ (АСПО) მუშაობის პრინციპს თბილისის დეპოს ერთ-ერთი მემანქანე, ზვიად მულაძე.

რა ვიცით რუსული კომპანიის შესახებ

რუსულ კომპანიას, რომელიც 1992 წელს სანკტ-პეტერბურგშია რეგისტრირებული, 55 თანამშრომელი ჰყავს. რუსულ წყაროებში მისი შემოსავლების შესახებ უახლესი ინფორმაცია 2018 წლის მონაცემებს ასახავს. 2 წლის წინ “სამეცნიერო კვლევით საწარმო სისტემურ ტექნოლოგიებს” შემოსავალი 166 მლნ რუბლი - დაახლოებით, 2 მლნ დოლარი -ჰქონდა.

კომპანია რუსულ სახელმწიფო დაკვეთებზეც მუშაობს და ემსახურება სახელმწიფო საწარმოებს, სადაც საკუთარ ტექნოლოგიებს დანერგავს. დიაგნოსტიკური სისტემების განვითარებისა და ფართოდ დანერგვისთვის 2012 წელს კომპანიის დირექტორსა და კონსტრუქტორს რუსეთის ფედერაციის მთავრობის ჯილდოც კი აქვთ მიღებული.

ცნობა რუსეთის ფედარაციის ჯილდოს შესახებ. გამოქვეყნებულია კომპანიის ვებზე.

ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, კომპანიის კლიენტები არიან რუსეთის რკინიგზა, მოსკოვის მეტროპოლიტენი, პეტერბურგის მეტროპოლიტენი, „გაზპრომი“. ამ ჩამონათვალშივეა „საქართველოს რკინიგზა“.

კომპანიის კლიენტები, რომელიც მითითებულია მის ოფიციალურ საიტზე.

ამ კომპანიის კლიენტების ჩამონათვალშია “ყირიმის ტროლეიბუსიც” - კომპანია, რომლის სათავო ოფისი რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინულ სიმფეროპოლშია. 2014 წლის შემდგომ, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, კომპანიებს ყირიმში კონკრეტულ ბიზნეს სფეროებში მონაწილეობა ეკრძალებათ, მათ შორისაა ტრანსპორტი. ცხადია, ეს აკრძალვა არ მოქმედებს რუსეთის კომპანიებზე.

გარიგების დეტალები

რკინიგზის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ АСПО-ს სისტემა 2019 წლის აგვისტოში გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე, შეიძინა. რკინიგზა ტენდერის გარეშე შეძენის ნებართვას შესყიდვების სააგენტოს ნოემბერში სთხოვს და ასე ასაბუთებს ამის აუცილებლობას: ეს რუსული ტექნოლოგია უნიკალურია, მისი ანალოგი ევროპულ ქვეყნებში არ მოიძებნება, მხოლოდ ეს სისტემა შეესაბამება რკინიგზის მოთხოვნებს, თავსებადია რკინიგზის უკვე არსებულ სისტემასთან და ამიტომ არის აუცილებელი რუსული დანადგარის შეძენა.

რკინიგზამ სააგენტოს დოკუმენტაციას თან დაურთო რუსული კომპანიის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს რკინიგზას“, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს, სისტემას ფასდაკლებით, წინა წლის ფასით, მიჰყიდის. რკინიგზის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ იგივე სისტემა 2014 წელს უკვე დაინერგა საქართველოს რკინიგზის 6 ობიექტზე და დანარჩენ 4-შიც აუცილებელია იდენტური სისტემის დამონტაჟება.

მორგებული ტენდერი

2013 წელს, როდესაც საქართველომ პირველად იყიდა რუსული კომპანიის სისტემა და რკინიგზის 6 დეპო მემანქანეების სამედიცინო შემოწმების აპარატით აღიჭურვა, 121 ათასი დოლარი გადაიხადა.

რუსული კომპანიის თანამშრომლებმა, ხელშეკრულების მიხედვით, 50 ქართველი თანამშრომელი გადაამზადეს. დღეს სწორედ ამ ტენდერით შეძენილ ტექნიკასთან თავსებადობას ასახელებს რკინიგზა იმავე რუსული ტექნიკის უტენდეროდ შესყიდვის მთავარ არგუმენტად.

2013 წლის ტენდერის მასალები სრულიად ხელმიუწვდომელია, თუმცა სატენდერო მოთხოვნისა და კომპანია "სისტემური ტექნოლოგიების” შეთავაზების შედარება ცხადყოფს, რომ ტენდერის მოთხოვნები მაშინაც ამ კომპანიის წარმოებულ აპარატურაზე იყო მორგებული. რკინიგზის მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრების დიდი ნაწილი სრულ თანხვედრაშია რუსულ აპარატთან. ამას ადასტურებს ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტების შედარება.

რკინიგზის მიერ მოთხოვნილი პარამეტრები თანხვედრაშია რუსულ აპარატთან
რკინიგზის მიერ მოთხოვნილი პარამეტრები თანხვედრაშია რუსულ აპარატთან
 
რკინიგზის მიერ მოთხოვნილი პარამეტრები თანხვედრაშია რუსულ აპარატთან
რკინიგზის მიერ მოთხოვნილი პარამეტრები თანხვედრაშია რუსულ აპარატთან

 

რატომ არის რუსული აპარატურა მისაღები სტრატეგიულ ობიექტისთვის?

საქართველოს რკინიგზაში გვიპასუხეს, რომ 2013 წელს მხოლოდ ამ კომპანიამ მიიღო ტენდერში მონაწილეობა, დოკუმენტებიდან კი ჩანს, რომ ტენდერი მორგებული იყო ამ ერთ კომპანიაზე.

მაშინ, როდესაც მემანქანეების ჯანმრთელობის მდგომარეობის საკვლევად რკინიგზამ პირველად შეიძინა რუსული ტექნიკა, „საქართველოს რკინიგზას“ მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა. ბახტაძე, რომელსაც მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, რკინიგზის მცოდნე ადამიანების თვალში რუსული რკინიგზის მიმართ კეთილგანწყობილი ჩანდა.

“ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამდით ეჭვებს, რომ ბახტაძე დაკავშირებული იყო რუსულ რკინიგზასთან და კეთილგანწყობილი იყო რუსული რკინიგზის მიმართ, თუმცა რა იყო მისი, როგორც მენეჯერის, მიზანი, ნამდვილად არ ვიცი”, - ამბობს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავა. მისი თქმით, სწორედ ბახტაძის დროიდან დაიწყო ქართული რკინიგზის რუსულთან დაახლოება: ”მისი მმართველობის დროს აპირებდნენ ელმავლებზე კამერების დამონტაჟებას, რომლებიც მემანქანის და მისი თანაშემწის გამოსახულებას და ხმას ჩაიწერდა. მაშინ არგუმენტად ჰქონდათ, რომ ასეა რუსეთში და გვიფრიალებდნენ რუსეთის რკინიგზის წერილს ამ საკითხზე. გახმაურებული ამბავია, რომ ბახტაძე გადასცემდა ქართველ რკინიგზელებს რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის ხელმოწერილ მადლობის სიგელებს. ამის დამადასტურებელი ფოტოებიც იძებნება დღემდე”.

რუსეთის რკინიგზის ხელმძღვნელის მადლობის სიგელი ქართველ რკინიგზელს.
რუსეთის რკინიგზის ხელმძღვნელის მადლობის სიგელი ქართველ რკინიგზელს.
 
მამუკა ბახტაძეს სიგელს გადასცემს ზურაბ ნასარაიას.

მამუკა ბახტაძესთან ერთად ფოტოზე გამოსახული პირი ზურაბ ნასარაიაა, „საქართველოს რკინიგზაში“ მაღალი თანამდებობების პირი, დღეს კი გურიის მხარის გუბერნატორი. მისთვის 2016 წელს გადაცემულ სიგელს რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელის ხელმოწერა აქვს.

სტრატეგიული ობიექტის, რუსული - ოკუპანტი ქვეყნის - ტექნიკით აღჭურვაში საფრთხეს ხედავს “პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის” დამფუძნებელი, დათო გოჩავა:

"რუსეთიდან შესყიდულ მოწყობილობას მოჰყვება რუსი ინჟინრების არმია, რომლიც ქართველებს ბოლომდე არასდროს ასწავლის ტექნიკის მომსახურებას და ექსპლუატაციას"

"საქართველოს რკინიგზა" რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მიბმული ხდება "რუსეთის რკინიგზებზე". რუსეთიდან შესყიდულ ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობას აუცილებლად მოჰყვება რუსი ინჟინრების არმია, რომლიც ქართველებს ბოლომდე არასდროს ასწავლის ტექნიკის მომსახურებას და ექსპლუატაციას - ისინი ყოველთვის იტოვებენ რაღაცას, რისთვისაც ისინი საჭირო იქნებიან... ეს ერთგვარი ხაფანგია - გაფუჭდება რამე, უნდა წახვიდე რუსეთში, ან უნდა გამოიძახო რუსები, სამარაგო ნაწილები რუსეთიდან უნდა შეისყიდო და ა.შ." 

ამასვე ამბობს ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ლეჟავაც: “საქართველოს რკინიგზაში” არა მხოლოდ ამ აპარატურას, ლიანდაგით დაწყებული მემანქანით დასრულებული არაოფიციალურად რუსეთის რკინიგზა აკონტროლებს, თავიდან ბოლომდე მიბმული ვართ არაოფიციალურად რუსულ რკინიგზაზე. რა დოზით არის ჩვენი რკინიგზა ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამის ზუსტი თქმა ძნელია”.

როგორ მუშაობს რუსული სისტემა

ბევრი სხვა ტექნიკისგან - მაგალითად, ელმავლისგან, ვაგონებისგან, რელსებისგან - განსხვავებით, “რეისისწინა სამედიცინო შემოწმების ავტომატიზებული სისტემა” არ არის კომუნისტური მემკვიდრეობა. თუ სხვა შემთხვევებში საქართველოს ხელისუფლება კვლავ იძულებულია იყიდოს რუსული სარემონტო მასალები, აქ საქმე სხვაგვარადაა. ეს აპარატურა რუსულმა კომპანიამ კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ შექმნა და არაფერი გვაიძულებდა ჩვენც შეგვეძინა.

АСПО-ს დახმარებით ყოველდღიური შემოწმებისას კომპიუტერულ პროგრამაში თანამშრომელს შეჰყავს პირადი მონაცემები: ვინაობა, ტაბელური ნომერი, ჯანმრთელობის პარამეტრები. ეს ინფორმაცია ათივე ობიექტიდან თავს იყრის რკინიგზის სათავო ოფისში, სადაც მისი ნახვა-დამუშავებაა შესაძლებელი. რამდენ ხანს ინახება მემანქანეების შესახებ ინფორმაცია, ვის მიუწვდება ხელი, რამდენად დაცულია, ამის შესახებ ზუსტი წარმოდგენა არ აქვთ რკინიგზის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ვესაუბრეთ.

 

რუსული აპარატი და კორონავირუსი

რუსული სისტემა, სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ალკოტესტის ფუნქციას ასრულებს, ზომავს ამონასუნთქ ჰაერში ეთანოლის (ალკოჰოლის) ოდენობას. ყველა მემანქანისა და თანაშემწისთვის ალკოტესტის გავლა ყოველდღიურად სავალდებულოა.

რუსული სისტემა ალკოჰოლის დონის გასაზომად იყენებს მოწყობილობას, სახელწოდებით “იუპიტერი”, რომელსაც მრავალჯერადი გამოყენების ჩასაბერი სინჯარა აქვს. დაახლოებით, ორი თვის წინ, ახალი კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, ერთ-ერთმა მემანქანემ ზესტაფონის დეპოში საერთო მოხმარების სინჯარაში ჩაბერვაზე უარი თქვა - არაჰიგიენური მეთოდიაო. რკინიგზაში გვითხრეს, რომ დღეს ალკოტესტის ჩასატარებლად რუსულ “იუპიტერს” აღარ ხმარობენ და ერთჯერადი საშუალებების მოხმარებაზე გადავიდნენ.

„საქართველოს რკინიგზამ“ სისტემის მუშაობის პროცესის ფოტოგადაღებაზე უარი გვითხრა. რაც შეეხება საფრთხეებს, მოგვწერეს, რომ რკინიგზის სათავო ოფისში განთავსებულ სერვერსა და სისტემაზე მომწოდებელ კომპანიას წვდომა არ აქვს და ინფორმაციის გამჟღავნების საფრთხე არ არსებობს.

"რადიო თავისუფლება"